ნაადერევი ფინალი პირველივე ტურში: ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკის წინაააღმდეგ [პრევიუ]

ნაადერევი ფინალი პირველივე ტურში: ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკის წინაააღმდეგ [პრევიუ]

მსოფლიო თასის პირველივე ტურში რაგბის კლასიკას ვიხილავთ, B ჯგუფში ერთმანეთს ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან. შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივარი ყველაზე მეტად ამ მატჩს ელოდება ჯგუფურ ეტაპზე.

ბევრი სპეციალისტი, თუ უბრალო გულშემატკივარი სწორედ ამ ორ გუნდს უწინასწარმეტყველებს ფინალში გასვლას. 
 
ახალი ზელანდია

სტივ ჰანსენის გუნდისათვის ერთადერთი დამაკმაყოფილებელი შედეგი რა თქმა უნდა, ტრადიციის გაგრძელება და ტურნირის გამარჯვებით დაწყება იქნება. უდიდესი ალბათობით სწორედ ამ მატჩში გამარჯვებული დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს, რადგან იტალია, კანადა და ნამიბია ამ ორ გრანდს სავარაუდოდ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, შესაბამისად ამ მატჩს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ენიჭება."ოლ ბლექსმა" წლევანდელ "4 ერის გათამაშებაზე" სამიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და მისთვის უჩვეულო მე-3 ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად მაინც მოახერხა "ბლედისლოუს თასის" მოგება მას შემდეგ, რაც ავსტრალია 36:0 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალმა ზელანდიამ 4 წლის წინაც ვერ მოახერხა "4 ერის" მოგება, თუმცა შემდეგ მსოფლიო თასი მოიგო. ბევრი მიიჩნევს, რომ წელს "ოლ ბლექსის" არასტაბილურობა სტივ ჰანსენის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით აიხსნება, თუმცა ფაქტია რომ იმ დონის გუნდსაც კი, როგორიც ახალი ზელანდიაა შემადგენლობაში ისეთი სიღრმეები აღარ აქვს, როგორიც ბოლო წლების მანძილზე ჰქონდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ რაც აფრიკელებს რასი ერაზმუსი წვრთნის, კვლავ აღდგა ამ ორ გუნდს შორის ის კლასიკური ორთაბრძოლა, რასაც მთელი ისტორიის მანძილზე მიჩვეულნი ვიყავით. ბოლო ორი მატჩია ახალი ზელანდია თავის მოედანზე სამხრეთ აფრიკასთან გამარჯვებას ვერ ახერხებს, ერთი მატჩი "ბოკემ" მოიგო ერთი კი ფრედ დასრულდა. საინტერესოა რა მოხდება ნეიტრალურ მოედანზე. "კივები" სამხრეთ აფრიაკსთან მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან, მსოფლიო თასამდე გამართულ ბოლო მატჩში ტონგა 92:7 დაამარცხეს და მანამდე ნაჩვენები უჩვეულო ხარისხის რაგბის გამო ხასიათი გამოისწორეს. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ბოლო წლებში ახალი ზელანდია ყველაზე არაკომფორტულად თავს სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ გრძნობს, რადგან მათ მიმხტომ დაცვასთან გამკლავება საკმაოდ უჭირს, თუ რამდენად კარგად გაართმევენ ამ ამოცანას თავს ხვალ გავიგებთ.

წელს სტივ ჰანსენმა არაერთ ექსპერიმენტს მიმართა, ფულბექად ჯორდი ბარეტის არადამაჯერებელი თამაშის გამო, იძულებული გახდა სხვა ვარიანტები ეძია, ძველებურად ვეღარ თამაშობს გამოცდილი ბენ სმიტიც. ამის გამო სამხრეთ აფრიკასთან გამართულ ბოლო მატჩში, ბოდენ ბარეტმა 15 ნომრის პოზიციაზე გადაინაცვლა, მისი ადგილი კი რიჩი მო'უნგამ დაიკავა. იოკოჰამაში გასამართ მატჩისთვის "კივები" ამჯერადაც ასეთი განლაგებით ითამაშებენ. პირველ ხაზში მსოფლიო თასზე არ წაყვანილი ოვენ ფრენკსის ადგილს ნეპო ლაულალა დაიკავებს. რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს და განაცხადში არ არის გუნდის ერთერთი ლიდერი და ტრავმამდე საუკეთესო ფორმაში მყოფი ბროდი რეტალიკი, მის ნაცვლად მეორე ხაზში სკოტ ბარეტი ითამაშებს. ძირითად შემადგენლობაში იქნება წელს ტრავმებით გატანჯული რაიან კროტი, რომელიც ცენტრში ენტონ ლენერ-ბრაუნს შეუწყვილდება. გუნდს ტრადიციულად კირან რიდი უკაპიტნებს. "ოლ ბლქსის" ამ შემადგენლობაში ყველაზე გამოუცდელი ფრთის მოთამაშეები არიან, ჯორჯ ბრიჯს და სევუ რისს ნაკრების მაისურით ჯამში 8 მატჩი აქვთ გამართული.

უკანა ხაზი

15. ბოდენ ბარეტი, 14. სევუ რისი, 13. ენტონ ლენერ-ბრაუნი, 12. რაიან კროტი, 11. ჯორჯ ბრიჯი, 10. რიჩი მო'უნგა, 9. არონ სმიტი;

შერკინება

1. ჯო მუდი, 2. დენ კოულსი, 3. ნეპო ლაულალა, 4. სემ ვაითლოქი, 5. სკოტ ბარეტი, 6. არდი სავეა, 7. სემ ქეინი, 8. ქირან რიდი(კაპ);

მარქაფა

16. კოდი ტეილორი, 17. ოფა ტუ'უნგაფასი, 18. ანგუს ტა'ავაო, 19. პატრიკ ტუიპოლოტუ, 20. შენონ ფრიზელი, 21. ტიჯეი პერენარა, 22. სონი ბილ უილიამსი, 23. ბენ სმიტი;

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ბოლო 4 წლიანი ციკლის მანძილზე ბევრი ცვლილება მოხდა. გუნდი ალისტერ კუციას მწვრთნელობისას საშინელ რაგბს თამაშობდა და ანტი რეკორდს, ანტი რეკორდზე ამყარებდა იმ ნაკრებით მსოფლიო თასის მოგებაზე საუბარიც კი ზედმეტი იქნებოდა. თუმცა მას შემდეგ რაც "ბოკე" რასი ერაზმუსმა ჩაიბარა, "სპრინგბოკსმა" უდიდესი პროგრესი განიცადა ამის დასტურად კი "4 ერის" მოგებაც კმარა. შეიძლება ითქვას, რომ "სპრინგბოკსი" მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდებს შორის ერთერთ ყველაზე კარგ ფორმაშია და როგორც ჯგუფში პირველი ადგილისთვის, ასევე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის აქტიურად იბრძოლებს. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ აფრიკელთა შანსები საკმაოდ რეალურია, ამას ორ გუნდს შორის გამართული ბოლო 3 მატჩი მოწმობს, სადაც სრული თანაფარდობაა: ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება. ქულები 82:82. მას შემდეგ რაც "ოლ ბლექსმა" რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა, რასი ერაზმუსი მსაჯებისგან თანაბარ მოპყრობას ელის, ეს კი იმით ახსნა, რომ როდესაც გუნდი ამდენი ხანი რეიტინგის სათავეშია, მსაჯი სადაო სიტუაციებში სწორედ დომინანტი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს, ახლა კი ახალი ზელანდია აღარ არის რეიტინგის სათავეში.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდებთაგან ყველაზე ადრე ჩავიდა იაპონიაში, რათა შეგუებოდა იქაურ გარემოს, მოგეხსენებათ იაპონიაში საკმაოდ ცხელა და ტენიანი ჰავაა. მაგალითად, როგორც აფრიკული მედია იუწყებოდა დუეინ ვერმიულელმა ერთერთ ვარჯიშზე 3 კგ დაიკლო. "სპრინგბოკსი" მსოფლიო თასს მშვენიერ ხასიათზე ხვდება, დაუმარცხებლად განვლო წლევანდელი წელი, პირველად მოიგო "4 ერის" ტურნირი(აღნიშნული ფორმატით 2012 წლიდან ტარდება). მათ აქტივში უნდა ჩაიწეროს სტუმრად ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ნათამაშევი ფრე. მსოფლიო თასის დაწყებამდე ბოლო მატჩი "ბოკემ" იაპონიასთან ითამაშა და მასპინძლები უშანსოდ დაამარცხა 41:7. 

შემადგენლობის მხრივ რასი ერაზმუსმა ის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც ბოლო პერიოდია ყველაზე მეტად ენდობა. "4 ერზე" მატჩების გამოტოვების მიუხედავად, ტრავმა მოირჩინა და კვლავ გუნდს უკაპიტნებს სია კოლისი, ნაკრების კვართით 50-ე მატჩს ჩაატარებს დუეინ ვერმიულენი, რომელიც ტრადიციულად შერკინების შემკვრელის პოზიციაზე ითამაშებს. ფლანგებზე ამჯერადაც ჩესლინ კოლბი და მაკაზოლე მაპიმპი იქნებიან, ცენტრში კი ერაზმუსმა ჯესი კრილს, ისევ ლუქანიო ამი ამჯობინა, რომელიც დამიენ დე ალენდეს შეუწყვილდება. 

უკანა ხაზი

15. ვილი ლე რუ, 14. ჩესლინ კოლბი, 13. ლუქანიო ამი, 12. დამიენ დე ალენდე, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 10. ანდრე პოლარდი, 9. ფაფ დე კლერკი.

შერკინება

1. სტივენ კიტსოფი, 2. მალკოლმ მარქსი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. ებენ ეტზებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი(კაპ) 7. პიტერ სტეფ დუ ტოი, 8. დუეინ ვერმიულენი.

მარქაფა

16. ბონგი მბონამბი, 17. ტენდაი მთავარირა, 18. ტრევორ ნიაკანი, 19. არხი სნეიმანი, 20. ფრანსუა ლოუ, 21. ჰერშენ იანტისი, 22. ფრანს სტეინი, 23. ჯესი კრილი.

საინტერესო ფაქტები

- მოქმედ ჩემპიონ ახალი ზელანდიის ნაკრებს, აქამდე გამართულ 8 მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, ყველა 28 მატჩი აქვს მოგებული და ამ მაჩვენებით ერთადერთი გუნდია მსოფლიოში.

- ახალი ზელანდიის ეს ნაკრები თავის ისტორიაში 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, მისი საშუალო ასაკი 28 წელი და 72 დღეა. 

- სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია მსოფლიო თასზე ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და მათ ანგარიშზე ორ-ორი გამარჯვებაა. ჯგუფურ ეტაპზე ისინი არასდროს გადაყრიან ერთმანეთს.

- ფრანსუა სტეინი სამხრეთ აფრიკის შემადგენლობაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც 2007 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა. ის შეეცდება მეორე აფრიკელი მოთამაშე გახდეს რომელიც მსოფლიო თასს ორჯერ მოიგებს. 

სად ვუყუროთ? 

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკის მატჩი შაბათს, თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება და პირველი არხის ეთერში იხილავთ.

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ