ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეები მსოფლიო თასზე?

ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეები მსოფლიო თასზე?

20 სექტემბერს იაპონიაში სტარტს მსოფლიო თასი აიღებს, რომელიც 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.

პლანეტის პირველობებზე არაერთ ახალგაზრდა მორაგბეს გამოუჩენია თავი, რომელთაგან ნაწილმა შემდგომ უმაღლეს დონეზე ითამაშა და ვარსკვლავად იქცა. რასაკვირველია, ახალგაზრდა მორაგბეები ამჯერადაც მრავლად იქნებიან და სასიხარულოა, რომ ამ მხრივ გამორჩეული ქვეყანა საქართველოს ნაკრებია.

"ბორჯღალოსნების" რიგებში ოთხი ისეთი მორაგბეა, რომლებიც 21 წლის ან უფრო პატარა ასაკის არიან. საუბარი სწორედ იმ მოთამაშეების შესახებ გვექნება, რომლებიც ჯერ 22 წლისაც არ არიან, თუმცა პლანეტის პირველობაზე თამაში დაიმსახურეს.

შერკინება

ვანო კარკაძე (საქართველო, კვაჭი)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე მსოფლიო თასზე მყოფთაგან. მას "ბორჯღალოსნებში" დებიუტი თებერვალში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა და მაშინ 18 წლის იყო. მას შემდომ სამი კეპი მოიხვეჭა და ითამაშა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე. დებიუტი ჰქონდა პრო დ2-შიც, სადაც "ორიაკის" ღირსებას იცავდა, ზაფხულში კი კლუბი შეიცვალა და "ბრივს" მიაშურა, რომელიც ტოპ 14-ში აღზევდა.

დევიდ აინუ'უ (აშშ, ბურჯი)

19 წლის ნიჭიერი ბურჯი, რომელიც "ტულუზში" ასპარეზობს. მას გასულ სეზონში 6 თამაშის ჩატარება მოუწია კიდეც და შესაბამისად, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ის ამერიკულ სამოაში დაიბადა, მცირეწლოვანი იყო, როდესაც საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და რაგბის თამაში ვაშინგტონში დაიწყო. ასაკის მიუხედავად, მან ნაკრებში უკვე რვა შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

რის ქეა (უელსი, ბურჯი)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე "დრაკონებიდან". მისი გამოძახება ბევრისთვის მოულოდენელი იყო, თუმცა უელსში მისი პოტენციალის შესახებ და ისიც ძალიან კარგად იციან, თუ რამდენად კარგი სეზონი ჰქონდა "კარდიფ ბლუზის" 21 წლის ბურჯს, რომელიც ახალი სეზონიდან ევროპის საუკეთესო გუნდში "სარასენსში" ითამაშებს. მას უელსის ნაკრებში დებიუტი 31 აგვისტოს ირლანდიასთან შინ წაგებულ (17:22) მატჩში ჰქონდა. 

დემბა ბამბა (საფრანგეთი, ბურჯი)

21 წლის ბურჯმა პირველად 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიბრწყინა და ყველას დაანახა, რომ საფრანგეთს ძალიან კარგი ბურჯი ეზრდებოდა, თუმცა ბევრი მის ასეთ სწრაფ განვითარებას მაინც არ ელოდა. პირველხაზელს, რომელიც 124 კილოგრამს იწონის, დებიუტი განვლილ 6 ერში ჰქონდა, სადაც ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ის ტოპ 14-ში არ თამაშობდა და "ბრივში" ირჯებოდა, რომელიც პრო დ2-ში ასპარეზობდა. ახალგაზრდა ბურჯი "ბრივს" ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა, შემდეგ კი "ლიონს" მიაშურა, სადაც დებიუტი მსოფლიო თასის შემდეგ ექნება. ბამბამ "ლე ბლეს" კვართით 6 კეპის მოხვეჭა მოასწრო. 

მეიკო ვივასი (არგენტინა, ბურჯი)

21 წლის ბურჯს "ხაგუარესში" მშვენიერი სეზონი ჰქონდა და სუპერ რაგბიში 17 შეხვედრა ჩაატარა, რასაც ივლისში, რაგბი ჩემპიონშიპში არგენტინის ნაკრებში დებიუტი მოჰყვა და მას შემდგომ 4 შეხვედრაც ჩაატარა. ახლო წარსულისგან განსხვავებით, "პუმებს" ძველებურად ძლიერი შერკინება აღარ ჰყავთ და მიწოლაში საკმაოდ უჭირთ. ვნახოთ, რას შემატებს არგენტინელთა შერკინებას ახალგაზრდა ბურჯი.

 გურამ გოგიჩაშვილი (საქართველო, ბურჯი)

მასზე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2018/2019 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო. ის 2018 წლის მაისისთვის თბილისის "ლოკომოტივის" მესამე ბურჯად განიხილებოდა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში უკვე "რასინგ 92"-ში ჰქონდა დებიუტი, ხოლო სულ ერთ თვეში უკვე ედი ბენ არუს და ვასილ კაკოვინის ამოგდება შეძლო, რასაც ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრებში დებიუტი მოჰყვა სამოასთან მოგებულ მატჩში. მას შემდგომ 6 კეპი მოიხვეჭა და ერთი ლელოც დადო. გურამმა გასულ სეზონში "რასინგ 92"-ის რიგებში 23 შეხვედრა ჩაატარა და იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა გამოცდილ კახა ასიეშვილს არჩია და მსოფლიო თასზე უხმო.

ტომ ქარი (ინგლისი, მესამე ხაზი)

21 წლის მესამეხაზელს ინგლისის ნაკრებში უკვე 13 კეპი აქვს მოხვეჭილი და სამი ლელოს დადება მოახერხა. ის "სეილ შარქსის" ღირსებას იცავს, დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა და ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის მესამეა, ვინც პრემიერშიპში ლელოს გატანა შეძლო. ტომი 1912 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მორკინალია, ვისაც ინგლისის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ქარი, რომელიც ინგლისური რაგბის ერთ-ერთ მომავლად ითვლება, განვლილ სეზონში "სეილ შარქსის" რიგებში 20-ჯერ გამოჩნდა.

სანტიაგო ჩივეტა (ურუგვაი, მესამე ხაზი)

ურუგვაის ნაკრებში 21 წლის მესამეხაზელი ერთადერთია, ვინც ინგლისში ასპარეზობს, თუმცა ის მესამე დივიზიონში ირჯება. ჩივეტამ "ლოს ტეროსის" კვართის კვართის მორგება ხუთჯერ მოასწრო. 

უკანა ხაზი

რომან ნტამაკი (საფრანგეთი, მგეზავი)

20 წლის უნიჭიერი მგეზავი, რომელიც იმ ქალაქის გუნდში თამაშობს, სადაც დაიბადა. ნტამაკი "ტულუზის" რიგებში 2017/2018 წლების სეზონში გამოჩნდა და 10 შეხვედრაც ჩაატარა, ხოლო განვლილ სეზონში ძირითადის მოთამაშედ იქცა და მონაწილეობა 27 შეხვედრაში მიიღო, რომლებშიც გუნდს 61 ქულა შესძინა. წელს "ტულუზთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018 წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას "ლე ბლეში" დებიუტი 2019 წლის 6 ერში ჰქონდა და მას შემდეგ 8 კეპი მოიხვეჭა.

ჯორდან პეტაია (ავსტრალია, გარემარბი)

ის 2000 წლის 14 მარტს დაიბადა და მოახლოებულ ტურნირზე, მასზე ახალგაზრდა მხოლოდ ვანო კარკაძე იქნება, რომელსაც დაბადების დღე 25 ივნისს აქვს. ჯორდანი "ქუინსლენდ რედსში" ასპარეზობს და მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც სუპერ რაგბიში დებიუტი ჰქონდა. მას ჯერჯერობით ავსტრალიის ნაკრებში დებიუტი არ ჰქონია, თუმცა მაიკლ ჩეიკა მაინც ენდო და საბოლოო შემადგენლობაში აირჩია.

თედო აბჟანდაძე (საქართველო, მგეზავი)

უნიჭიერესი მორაგბე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში დებიუტი ნოემბრის ტესტებზე ჰქონდა და მას შემდგომ 9-ჯერ მოირგო მშობლიური კვართი. თედომ ითამაშა არგენტინაში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც, რომელიც მისთვის მესამე იყო და კონტრაქტი გააფორმა "ბრივთან", რომელსაც მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ შეუერთდება. თედო ქუთაისის "აიას" აღზრდილია და 25 მატჩში 183 ქულის გატანა შეძლო. მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს მსოფლიო პრესა, გულშემატკივარი და მისგან ბევრს ელოდებიან. 

რუბენ დე ჰაასი (აშშ, ჰავბექი)

სამხრეთ აფრიკაში დაბადებული 20 წლის ცხრა ნომერი სახეზე ბავშვს ჰგავს, თუმცა აშშ-ის ნაკრებში უკვე 13 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავის დამკვიდრება მოახერხა. მას ამერიკის შეერთებული შტაბების 20 და 19 წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია, თუმცა საკლუბო დონეზე იმ ქვეყანაში ასპარეზობს, სადაც დაიბადა და "ფრი სთეით ჩიტასის" ღირსებას იცავს.

სანტიაგო კარერასი (არგენტინა, გარემარბი/ფულბექი)

2017 და 2018 წლებში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა, ხოლო წელს ჯერ "ხაგუარესში" გამოჩნდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 7 მატჩში 4 ლელო დადო, ხოლო შემდეგ "ხაგუარეს XV"-ს ქარის თასის პირველ დივიზიონში დაემატა და 5 თამაშში 3 ლელო გაიტანა. საბოლოო ჯამში, იქიდან გამომდინარე, რომ არგენტინაში ლეგიონერებზე სერიოზული შეზღუდვაა და 31 მორაგბიდან, მხოლოდ სამია ასეთი, მარიო ლედესმამ განვლილი პრემიერშიპის ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეზე, სანტიაგო კორდეროზე უარი თქვა და სწორედ კარერასს უხმო, რომელსაც ამის შემდეგ "პუმებში" დებიუტიც ჰქონდა და ორ გასახურებელ ტესტ-მატჩში ითამაშა. 

გელა აფრასიძე (საქართველო, ჰავბექი)

თედო აბჟანდაძის მსგავსად, მასაც სამ მსოფლიოს 20-წლამდელთა პირველობაზე უთამაშია: 2016, 2017 და 2018 წლებში. 21 წლის მორაგბე "ბორჯღალოსნების" მეორე ცხრა ნომრად ითვლება. მას ძალიან უყვარს ბურთის რაქიდან სწრაფად გამოტანა და ზოგადად მაღალ ტემპში თამაში. აფრასიძე "მონპელიეს" ღირსებას იცავს, სადაც თამაში ესპუარებში უწევს, თუმცა 2017/2018 წლების სეზონში ძირითად გუნდშიც გამოჩნდა და 3 მატჩი ჩაატარა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 17-ჯერ უთამაშია. 

ჯო კოკანასიგა (ინგლისი, გარემარბი)

ფიჯიში დაბადებული 21 წლის მორაგბე ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მისი სიმაღლე 193 სანტიმეტრია და 122 კილოგრამს იწონის. მან თავი გულშემატკივარს კარგი თამაშით ჯერ "ლონდონ აირიშში", ხოლო შემდეგ "ბასიში" დაამახსოვრა და გასულ პრემიერშიპში 8 ლელოს გატანა მოახერხა. კოკანასიგას ინგლისის ნაკრებში დებიუტი ნოემბრის ტესტებზე ჰქონდა, მას შემდგომ 8 კეპი მოიხვეჭა და მეტოქეთა ლელო 5-ჯერ აიღო. 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ