მილტონ ჰეიგი: "ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ შინ დაბრუნებამდე თავი კარგად წარმოვაჩინოთ"

მილტონ ჰეიგი: "ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ შინ დაბრუნებამდე თავი კარგად წარმოვაჩინოთ"

მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები თავის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებს, მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთეს "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და თავად მორაგბეებმა.

მილტონ ჰეიგი: "ლაშა ხმალაძემ წინა კვირას ფიჯის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და დაცვაში ძალიან კარგი იყო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება. გელას რაც შეეხება, ველით თამაშში ის შემოიტანოს, რაც შესაძლოა მანამდე გვაკლდა. მას ბურთით სირბილი უყვარს, სწრაფია და უყვარს დამცველების შეწუხება... რამდენიმე დამცველის რაქში ჩათრევა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ავსტრალიას ეთამაშება. აქედან გამომდინარე, ეხლა ჩვენზეა, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას" - განაცხადა ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოში გატარებულ 8 წელზეც ისაუბრა.

"ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან სრულდება, ეს იყო წარმოუდგენლად კარგი 8 წელი... თამაშს რაც შეეხება, ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ შინ დაბრუნებამდე თავი კარგად წარმოვაჩინოთ"- ამბობს ჰეიგი.

კომენტარი გააკეთა აგრეთვე ბორჯღალოსანთა ფულბეკმა სოსო მათიაშვილმა.

"მსოფლიო თასზე უკვე სამი შეხვედრა ჩავატარე და ალბათ, დიდი თამაში უელსის წინააღმდეგ პირველი მატჩი იყო. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიჯისთან შეხვედრა იყო, რადგან მათთან მოგებას ვგეგმავდით. მეოთხე მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვეძლევა იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ კარგი გუნდი ვართ, ბურთით თამაში შეგვიძლია და უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე წინა კვირას ვიყავით.

ბოლო თამაშია მსოფლიო თასზე და ჩვენი თავისგან რა თქმა უნდა მაქსიმუმს მოვითხოვთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს მსოფლიო თასი და ბოლო თამაში"- განაცხადა მათიაშვილმა.

ჯაბა ბრეგვაძემ ფიჯისთან იმედგაცრუებასა და მომავალი მატჩის გეგმებზე ისაუბრა.

" გვინდა რომ მოედანზე თავაწეულები დავბრუნდეთ, ყველას ასეთი გრძნობა გვაქვს და ეს გრძნობა ფიჯის მატჩის შემდეგ დაგვეუფლა. მატჩის შემდეგ ბევრს ვფიქრობდით ამ წაგების შესახებ, თუ როგორ იმედგაცრუებულად გრძნობდნენ თავს ჩვენი ქომაგები, ოჯახის წევრები და მეგობრები... წინ ერთი შანსი დაგვრჩა, 80 წუთი დაგვრჩა იმისთვის, რომ მათ თავი ამაყად და ბედნიერად იგრძნონ... ეს ჩვენთვის ბოლო შანსია.

ძალიან დიდი შრომა გვაქვს გაწეული, ბოლო სამთვენახევარში ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ფიჯისთანაც მოგვეგო თამაში, უკეთესად გვეთამაშა უელსთან, მაგრამ არ გამოვიდა. ბოლო მატჩში ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ უკეთსი მოთამაშეები ვართ და ამდენი ხანი ტყუილად არ გვიშრომია" - ამბობს ბრეგვაძე.

კომენტარი გააკეთა აგრეთვე ლაშა მალაღურაძემაც.

"ჩემთვის ბოლო მსოფლიო თასია და მინდა, რომ ეს მსოფლიო თასი კარგად დავამთავროთ, ჩვენი მიზანი იყო რომ მოგვეგო ორი თამაში, დარჩენილი გვაქვს ერთი მატჩი ავსტრალიასთან, რომელიც ძალიან დიდი გუნდია და ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ესეთ გუნდთან თამაში. შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში კარგი რაგბი ვითამაშოთ და ვანახოთ მსოფლიოს რომ შეგვიძლია კარგი რაგბის თამაში. შემდეგ კი თამაშია და ყველაფერი ხდება თამაშში, შევეცდებით რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ"- განაცხადა მალაღურაძემ.







 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა