ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"

ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"

© Icon Sport

საფრანგეთში სარაგბო სეზონი კორონავირუსის გამო მარტის დასაწყისში შეწყდა და ნახევარი წელია სარაგბო მატჩი აღარ ჩატარებულა. ივნისის დასაწყისში გუნდებმა ვარჯიში განაახლეს, ივლისიდან ნელ-ნელა კოლექტიურ ვარჯიშებსაც უბრუნდებიან, ხოლო აგვისტოში ყველა კლუბს გასახურებელი მატჩები აქვს დაგეგმილი, რის შემდეგაც, სექტემბრის დასაწყისში ჩემპიონატებიც დაიწყება და 9-თვიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთში პროფესიონალური რაგბი დაბრუნდება. 

2019/2020 წლებს ბრწყინვალედ ატარებდა "ბორდო", რომელიც პირველ ადგილზე იმყოფებოდა და ტოპ 14-ის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად უნდა ეთამაშა, თუმცა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამ, ჩემპიონატის გაგრძელება შეუძლებელი გახადა და ჟირონდული კლუბის ლიდერობამ აზრი დაკარგა. "ბორდოსთვის" ერთადერთი ნუგეში ის გახლავთ, რომ არ გაუქმებულა ჩელენჯ თასი, სადაც მეოთხედფინალში არიან გასულები და ამ ტიტულისთვის ბრძოლა შეეძლებათ.

"სტად შაბან დელმაზე" 2020/2021 წლების სეზონშიც ოთხ ქართველ მორაგბეს ვიხილავთ: ძმებ ლექსო და საბა ყაულაშვილებს, ლაშა ტაბიძეს და ბექა გორგაძეს. MyRugby.Ge დაინტერესდა, თუ როგორ ემზადება ჟირონდული კლუბი მომავალი სეზონისთვის და ამის გასაგებად, ლექსო ყაულაშვილს დავუკავშირდით. მარჯვენა ბურჯი მოხარულია, რომ კარანტინის შემდეგ, გუნდმა ვარჯიშები განაახლა, ახალ სეზონს მოუთმენლად ელის და თვლის, რომ "ბორდოს" კვლავ შეეძლება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. დანარჩენი კი ჯობს თავად წაიკითხოთ.

- პირველ რიგში როგორ ხარ, სად და როგორ გაატარე კარანტინი და რას აკეთებდი ძირითადად ამ პერიოდში?

- გმადლობ, კარგად. კარანტინი ბორდოში გავატარე, ძირითადად სახლში და ყოველდღიური ვარჯიშებში რა თქმა უნდა. გუნდიდან მქონდა წამოღებული ინვენტარი და ავტოფარეხი გადავაკეთე სავარჯიშო დარბაზად.

- როდის განაახლა "ბორდომ" ვარჯიშები? რა შეზღუდვებით ვარჯიშობთ და როდიდან გეგმავს კლუბი სრულფასოვან ვარჯიშებზე გადასვლას?

- ვარჯიშები განახლდა ივნისის პირველი კვირიდან. დავიწყეთ ტესტებით კოვიდ-19 თან დაკავშირებით და შემდეგ გაკეთდა 4-კაციანი ჯგუფები. ვარჯიში იყო მხოლოდ ფიზიკა და ტრენაჟორები, მაქსიმალურად შეზღუდული იყო კონტაქტი. სრულფასოვანი ვარჯიში უკვე განახლდა გასული კვირიდან. პირველი კვირა იყო, როდესაც გაერთიანებული ვარჯიშები დავიწყეთ

- მომდევნო სეზონისთვის ძლიერი კონკურენტი დაგემატა: ტონგას ნაკრების მარჯვენა ბურჯი ბენ ტამეიფუნა, რომელიც თავისი ფიზიკური გაბარიტებით ყველასთვის ცნობილია. რას იტყვი ახალ კონკურენტზე?

- კი, კი. კონკურენცია აქამდეც არანაკლები იყო, მაგრამ უფრო გაიზარდა შემდეგი სეზონისთვის, რაც უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს საკუთარი თავის განვითარებისთვის.

- უკვე ვიცით, რომ "ბორდო" ტოპ 14-ის დაწყებამდე 3 მატჩს გამართავს: "ბიარიცთან", "კლერმონთან" და "ბაიონთან". რას მოგცემთ ეს მატჩები 5 თვიანი პაუზის შემდეგ?

- ყოველი პრე-სეზონის შემდეგ გვქონდა ამხანაგური თამაშები. ეს მომზადების დასკვნითი ეტაპია, ხდება ყველაფრის შეჯამება და გუნდის დალაგება.

- ამდენხნიანი ურაგბობა როგორია? თან მაშინ, როდესაც ეს არ ხდება ტრავმის გამო. როდესაც ყველაფრით მზად ხარ, მაგრამ უბრალოდ არ შეგიძლია ამის გაკეთება რეგულაციების გამო.

- რა თქმა უნდა რთული პერიოდი იყო, არამარტო ურაგბობა იყო რთული, არამედ უმოქმედოდ ყოფნა. მიჩვეული რომ ხარ დატვირთულ რეჟიმს და შემდეგ გიწევს სახლში ჯდომა. ცოტა არ იყოს ვერ შევეგუე ეგეთ რითმს. სახლში სამნი ვიყავით. მე ჩემი ძმა საბა და ჯემალ შათირიშვილი. დავიწყეთ ყოველდღიური ვარჯიშები. არ შეიძლებოდა სახლს დაშორებოდი კილომეტრზე მეტით, დავრბოდით უბანში და ხანდახან ვიპარებოდით მოედანზე (იცინის). ძირითადი ვარჯიში ეზოში იყო crossfit.

- ლექსო, "ბორდოს" ისტორიული სეზონი ჰქონდა, ტოპ 14-ში პირველ ადგილზე იყო და "ლიონს" კომფორტული სხვაობით უსწრებდა. ამ დროს კი, განსხვავებით სხვა ჩემპიონატებისგან, სეზონი გაუქმდა საფრანგეთში და თქვენმა პირველმა ადგილმაც აზრი დაკარგა. როგორ ფიქრობ, რამდენად სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილება?

- "ბორდოს" ისტორიაში პირველად მოხდა რომ ასეთი სეზონი ჩაატარა გუნდმა, თუ სეზონს დავარქმევთ და უფრო დიდი მოტივაცია გაქვს, ელოდები იმედით რომ გაგრძელდება, მაგრამ აცხადებენ სეზონს გაუქმებულად... ყველას გული დაწყდა, მაგრამ ამას არც ერთი მოთამაშე არ წყვიტავს. ჩემი აზრით კარგი იქნებოდა ამ სეზონის დამთავრება, როგორც წესი. მაგრამ, ამ ყველაფერს მოსდევს გუნდების ეკონომიკური კრიზისი, თუ თამაშები გაგრძელდებოდა იქნებოდა მაყურებლის გარეშე, რაც დიდი ზარალია გუნდებისთვის.

რაც შეეხება პირველი ადგილის დაკარგვას, ვფიქრობ რომ მოსალოდნელიც იყო, რადგანაც ყველას ჰქონდა იმედი, რომ ბოლო თამაშებში დავმარცხდებოდით და დაგვეწეოდნენ ან პლეი-ოფიდან გამოვვარდებოდით. ასე რომ, ყველა იყო წინააღმდეგი სეზონის "ბორდოს" ჩემპიონობით დასრულების.

- მიუხედავად ამისა, "ბორდოს" კვლავ აქვს შანსი, რომ სეზონი ტიტულით დაასრულოს, რადგან EPCR-ის გადაწყვეტილებით, ევროთასები სექტემბერში განახლდება. თქვენ 18,19 ან 20 სექტემბერს შინ ედინბურგს უნდა ეთამაშოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ჩელენჯ თასი ასეთ დროს და რა შანსი გაქვთ შენი აზრით ამ ტიტულის მოპოვების?

- კარგია იმით, რომ შანსია ტიტული მოვიპოვოთ, რაც დაგვეხმარება ახალი სეზონისთვის და ვფიქრობ, რომ მოგება ყოველთვის რწმებას გმატებს.

- გუნდიდან სემი რადრადრა, პენი რავაი, ადრიან პელისი და კიდევ რამდენიმე მორაგბე წავიდა, სამაგიეროდ გიდო პეტი, ბენ ლემი, ბენ ტამეიფუნა და ჯოზეფ დვება მოვიდნენ. როგორ ფიქრობ, ამ ცვლილებებით ბორდო უფრო გაძლიერდა თუ დასუსტდა?

- სემი დიდი დანაკარგია გუნდისთვის, მაგრამ არანაკლებად დიდი შენაძენია ბენ ლემი, ვფიქრობ, რომ გუნდი უფრო გაძლიერდება, რადგანაც კარგი მოთამაშეები დაიმატა გუნდმა.

- რა იქნება "ბორდოს" მიზანი 2020/2021 წლებში, როდესაც უკვე ჩემპიონთა თასზეც ითამაშებთ.

- მიზანს ყოველთვის ერთად ვისახავთ გუნდი, კრებაზე ყველა თავის აზრს აფიქსირებს და იქიდან გამომდინარე ვისახავთ მიზანს. ასე რომ, ჩემი აზრი იქნება მაქსიმალური შედეგი დავდოთ ორივე ჩემპიონატზე.

- საბას პროგრესი როგორ მიდის? ძირითად გუნდთან ერთად ხომ არ დაიწყო ვარჯიში?

- კარგი პროგრესი განიცადა, როგორც რაგბის, ასევე ენის მხრივ. დიდ გუნდთან ვარჯიში წინა სეზონებში მოუწია შერკინებების კეთება, მაგრამ სრულფასოვანი ვარჯიში ჯერ არა. წელს ვნახოთ რა და როგორ იქნება.

- ლექსო, შენი პირადი მიზანი რა იქნება მომდევნო სეზონში. რას ისურვებდი ყველაზე მეტად?

- პირადი მიზანია მეტი დროის გატარება მოედანზე და რაც მთავარია უტრავმოდ. ვისურვებდი კარანტინის მოხსნას, დასვენება მაქვს და საქართველოში ვერ ჩამოვდივარ (იცინის).

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს