გასული კვირის ტოპ 10 სიახლე

გასული კვირის ტოპ 10 სიახლე

გაგაცნობთ გასული ერთი კვირის ათ სარაგბო ამბავს, რომლებიც შეიძლება რაგბის ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო იყოს.

ლეგენდები ოფიციალურად წავიდნენ

ლეგენდარულ ქართველ მორაგბეებს მამუკა გორგოძეს და დავით ზირაქაშვილს 30 ივნისს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი ამოეწურათ და კარიერა ოფიციალურად დაასრულეს. გორგოძემ "ტულონში" 6 სეზონი ჩაატარა და 110 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ზირაქაშვილმა "კლერმონის" კვართით 16 წელი ითამაშა და 337 მატჩი ჩაატარა.

6 ერს + ფიჯი და იაპონია

ბრიტანული პრესის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ნოემბრის ტესტები გაუქმდება, 6 ერი ნოემბერ-დეკემბერში ერთჯერად ტურნირს ჩაატარებს, რომელშიც ორ გუნდს მოიწვევს. სამწუხაროდ, კვლავ არაა საქართველოს ნაკრებზე საუბარი და ამ ორ ქვეყანაში, ფიჯი და იაპონია მოიაზრებიან.

ტუილაგი "ლესტერ ტაიგერსიდან" მიდის

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შუამარბი მანუ ტუილაგი "ლესტერ ტაიგერსს" დატოვებს. ინგლისის ნაკრების მორაგბე "ვეფხვებს"  ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეუთანხმდა და თანამშრომლობის გახანგრძლივება აღარ მოხდება. 29 წლის ტუილაგი "ველფორდ როუდზე" 2010 წლიდან თამაშობს და 128 მატჩში 41 ლელო დადო. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობს კარიერას.

კარლოს სპენსერმა "ჰარიქეინსი" დატოვა

"ოლ ბლექსის" ლეგენდარულმა მგეზავმა კარლოს სპენსერმა "ჰარიქეინსის" სამწვრთნელო შტაბი დატოვა. მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომელიც კლუბში კორონავირუსის პანდემიის გამო წარმოიშვა.

"ბეზიეს" გამდიდრება

პრო დ2-ის საშუალო დონის გუნდს ნამდვილად ტუზი დაეცა. "ბეზიეს" არაბეთის გაერთიანებული საამიროების ოჯახიდან მილიარდელი ინვესტორები ჩაუდგებიან სათავეში, 5-მილიონიან ვალს გაუსტუმრებენ, შემდეგ კი მსოფლიო დონის ვარსკვლავების დამატებაზე დაიწყებენ ზრუნვას და კლუბის ტოპ 14-ში აღზევებას შეეცდებიან.

რალაპელეს მორიგი დომინგ სკანდალი

სამხრეთ აფრიკის ნაკრების და "შარქსის" ყოფილი კვაჭი ჩილიბოი რალაპელე აკრძალული პრეპარატების მიღების გამო, რაგბიდან 8 წლით მოკვეთეს. რალაპელესთვის აღნიშნული პრობლემა უცხო არ არის და ბოლო 10 წლის მანძილზე ასეთ სკანდალში ის უკვე მესამედ გაეხვა. პირველად მას დოპინგთან პრობლემა 2010 წელს შეექმნა, ხოლო მეორედ 2014 წელს ფრანგულ "ტულუზში" ასპარეზობისას აღმოჩნდა მისი ტესტი დადებითი. 

33 წლის კვაჭმა ჩატარებულ ტესტს მის წინააღმდეგ მორიგი უსაფუძვლო ბრალდება უწოდა და დოპინგის მიღება უარყო. აფრიკელ მორაგბეს 8 წლიანი დისკვალიფიკაციის გასასაჩივრებლად 21 დღიანი ვადა აქვს მიცემული. 

2020 წლის რაგბი ჩემპიონშიპს ახალი ზელანდია უმასპინძლებს?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის რაგბი ჩემპიონშიპს ავსტრალიის ნაცვლად, ახალი ზელანდია უმასპინძლებს.

ტურნირის ერთ ქვეყანაში ჩატარების იდეა პირველად არ გაჟღერებულა ახალ ზელანდიამდე საუბარი იყო ჩემპიონატის აავსტრალიაში ჩატარებაზე, რადგან კორონავირუსის გამო სამხრეთ აფრიკაში და არგენტინაში თამაშების ჩატარება ვერ მოხერხდება. 

ახალ ზელანდიას ტურნირის მასპინძლობისთვის ავსტრალიასთან შედარებით კიდევ ის უპირატესობა აქვს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ნულამდეა დაყვანილი და შესაძლებლობა იქნება სტადიონები ბოლომდე შეივსოს, რაც ტურნირის კომერციულადაც წარმატებულს გახდის. მაშინ, როდესაც ავსტრალიაში თითოეულ მატჩზე დასწრება 10 000-მდე გულშემატკივარს შეეძლება.

ახალი გლობალური სეზონის მორიგი კრახი

Thetimes.co.uk-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "მსოფლიო რაგბის" მიერ წამოყენებული გლობალური სეზონის იდეა ფრანგული კლუბების დიდი წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა.

როგორც ირკვევა, საფრანგეთის ნაციონალური რაგბის ლიგის დაკვეთით მოსალოდნელი შედეგების განსასაზღვრად დამოუკიდებელი ეკომონიკური ანალიზი ჩატარდა, საიდანაც დადგინდა, რომ სეზონის დეკემბრიდან ივლისამდე ან თებერვლიდან სექტემბრამდე ჩატარების შემთხვევაში ლიგამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები განიცადოს. 

ზირაქაშვილი "ლა როშელში" იმუშავებს, გიორგაძე - აღარ

დავით ზირაქაშვილი "ლა როშელის" შერკინების კონსულტანტი იქნება.

"მე არავისთვის არაფერი მითხოვია, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ეს არის პროექტი, რომელიც მე მომწონს და ასევე "ლა როშელი" არის კლუბი, რომელიც მომწონს. მე არ ვიქნები მწვრთნელი, ვიქნები კონსულტანტი, მხოლოდ შერკინების ასპექტში. 

ეს გადაწყვეტილება საშუალებას მომცემს, რომ კვლავ ჩართული ვიყო რაგბიში, რადგან ასე ერთბაშად წასვლა იოლი არაა. ახალ სამუშაოში ყველაფერს ჩავდებ, რათა მოვუტანო გუნდს ის სარგებელი, რაც შემიძლია და დაკისრებული მოვალეობა კარგად შევასრულო", - განაცხადა ლეგენდარულმა ქართველმა ბურჯმა, რომელმაც "კლერმონში" 16 სეზონი გაატარა (2004-2020 - 337 მატჩი, 18 ლელო), კარიერა წლევანდელი ჩაშლილი სეზონის შემდეგ დაასრულა.

ზირაქაშვილი "ლა როშელში" კვირაში ორ დღეს იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე "ლა როშელის" სამწვრთნელო შტაბში აქვსენტი გიორგაძე მუშაობდა, რომელმაც კლუბი ორი დღის წინ, კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წლით ადრე დატოვა.

ბოდენ ბარეტს მილტონ ჰეიგი გაწვრთნის

ახალი ზელანდიის ნაკრების ვარსკვლავი ბოდენ ბარეტი მომდევნო სეზონის სუპერ რაგბის გამოტოვებს და გეზს იაპონიისკენ აიღებს.

ბარეტი 2021 წელს ტოკიოში არსებულ "სანტორი სანგოლიასში" გაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლის სუპერ რაგბს გამოტოვებს, თუმცა "ოლ ბლექსს" მაინც დაეხმარება. შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდება და 2023 წლამდე "ბლუზის" ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოდენი იაპონურ სეზონში 780 000 გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

2016 და 2017 წლების მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეს "სანტორი სანგოლიასში" მილტონ ჰეიგი დახვდება, რომელიც საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდგომ, იაპონურ კლუბს ჩაუდგა სათავეში.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს