დიმიტრი იაშვილს 2014 წელს ორი გრანდი ეპატიჟებოდა, მაგრამ კარიერის დასრულება არჩია

დიმიტრი იაშვილს 2014 წელს ორი გრანდი ეპატიჟებოდა, მაგრამ კარიერის დასრულება არჩია

საფრანგეთის ნაკრების და "ბიარიცის" ლეგენდარული ცხრა ნომრის დიმიტრი იაშვილის შესახებ, გუშინ საინტერესო სტატია შემოგთავაზეთ - ვეტერანმა ფრანგმა მორაგბეებმა და მწვრთნელებმა იაშვილის შესრულებით ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გაიხსენეს: 2012 წლის ჩელენჯ თასის ფინალი, რომელშიც "ბიარიცმა" "ტულონი" 21:18 დაამარცხა და პირველი ევროთასი მოიპოვა. ბასკური კლუბის ყველა ქულა სწორედ დიმიტრის ანგარიშზე იყო.

როგორც იცით, დიმიტრი იაშვილის ბაბუა, საფრანგეთში საცხოვრებლად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა. დიმიტრის მამას მიშელს საფრანგეთის ნაკრებში უთამაშია, ხოლო ძმას გრეგორის - საქართველოში. ქართული წარმომავლობის მორაგბეზე, რომელიც "ლე ბლეს" ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ ჰავბექად ითვლება, კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით.

იაშვილმა თითქმის მთელი კარიერა "ბიარიცში" გაატარა, რომელთან კონტრაქტიც 2014 წელს ამოეწურა. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიმიტრის შეეძლო კარიერა ისეთ კლუბებში გაეგრძელებინა, როგორებიცაა "ტულონი" და "ტულუზი", რომელთაც "ლე ბლეს" ყოფილი ცხრიანის დამატება სურდათ, მაგრამ მან 33 წლის ასაკში კარიერის დასრულება ამჯობინა. 

ფრანგული პრესის ცნობით, 2014 წლის ზაფხულში "ტულონი" ახლოს იყო რორი ქოქოთი დამატებასთან, რომელთანაც სამწლიანი კონტრაქტი წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული, თუმცა ბოლო მომენტში სამხრეთ აფრიკელმა გადაიფიქრა და "კასტრიში" დარჩა, ხოლო  ამჟამინდელმა "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტმა და საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა, რომელიც მაშინ "ტულონის" მთავარი მწვრთნელი იყო, ხელშეკრულების გაფორმება დიმიტრი იაშვილს შესთავაზა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, თუმცა მან კარიერის დასრულება ამჯობინა.

მაშინ, როდესაც "ტულონს" იაშვილის დამატება სურდა, ერთდროულად, საფრანგეთის და ევროპის ჩემპიონთა თასის მოქმედი გამარჯვებული იყო. 2013/2014 წლების სეზონში მათ დუბლი შეასრულეს და 2013, 2014, 2015 წლებში ზედიზედ მოიპოვეს ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული, მაგრამ იაშვილმა "სტად მაიოლზე" თამაშზე მაინც უარი განაცხადა.   

დიმიტრი იაშვილი, რომელიც ამჟამად 39 წლისაა და რაგბის კომენტატორია, საფრანგეთის ნაკრებში 2002-2012 წლებში თამაშობდა, 61 კეპი მოიხვეჭა და 373 ქულა გაიტანა. მან "ლე ბლესთან" ერთად 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალში ითამაშა, სადაც მასპინძელ ახალ ზელანდიასთან 7:8 დამარცხდა, ხოლო 6 ერის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა. 

დიმიტრი "ბიარიცში" 2002 წელს ინგლისური "გლოსტერიდან" გადავიდა, 2002-2014 წლებში 289 მატჩი ჩაატარა და 3053 ქულა გაიტანა. ის ბასკური კლუბის ყველა დროის საუკეთესო მექულეა, ხოლო ჩემპიონთა თასის ყველა დროის საუკეთესო მექულეებში 861 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ სტივენ ჯონსს (869 ქულა) და რონან ო'გარას (1365 ქულა) ჩამორჩება. ის საფრანგეთის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, ორჯერ ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა, სადაც "ბიარიცი" ორჯერვე მცირე სხვაობით დამარცხდა და 2012 წელს ჩელენჯ თასს დაეუფლა.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა