ახალზელანდიური რაგბი 150 წლისაა - შორეული წარსულის ისტორია [+ფოტომასალა]

ახალზელანდიური რაგბი 150 წლისაა - შორეული წარსულის ისტორია [+ფოტომასალა]

ნახატი, რომელიც 1870 წლის 14 მაისს გამართულ მატჩს ასახავს. პირველი სარაგბო მატჩი ახალ ზელანდიაში - © PAUL WILDING

რაგბის მაღალ დონეზე იმდენ ქვეყანაში ნამდვილად არ თამაშობენ, რამდენშიც ფეხბურთს, თუმცა ჩამონათვალი მოწინავე ქვეყნების მაინც შთამბეჭდავია, მარტო ინგლისის, საფრანგეთის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის ხსენება რად ღირს, თუმცა სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა პირველ რიგში მაინც ახალ ზელანდიასთან ასოცირდება და როდესაც ამ ქვეყნის სახელს ვიგებთ, სწორედ რაგბი გვახსენდება. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობას, თორემ ვიღაცას შეიძლება სპორტი სულ არ აინტერესებდეს და სხვა რაღაცით იცნობდეს ამ შესანიშნავ ქვეყანას, მაგრამ დიდწილად ასეა - ახალი ზელანდია რაგბისთან ასოცირდება, რომელიც ეროვნული სპორტია და რელიგიის დონეზეა აყვანილი.

ახალზელანდიური რაგბი 150 წლის გახდა! 1870 წლის 14 მაისს ამ ქვეყანაში პირველად გასინჯეს ამ სპორტის გემო და მას შემდგომ, ის მათი განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს ისტორიული მატჩი ნელსონში, ბოტანიკურ ნაკრძალში ჩატარდა (მთავარ ფოტოზე) და ერთმანეთს ნელსონის საფეხბურთო კლუბი და ნელსონის კოლეჯი დაუპირისპირდნენ. 

მატჩს დაახლოებით 200 მაყურებელი დაესწრო. მოთამაშეების უმრავლესობისთვის რაგბი და მისი წესები სიახლე იყო, რადგან ისინი მხოლოდ ფეხბურთთან და მელბურნის ფეხბურთთან იყვნენ ასოცირებულნი. სავარაუდოდ, მხოლოდ ჩარლზ მონრო იყო ისეთი, რომელსაც ადრე, უცხოეთში ჰქონდა რაგბი ნათამაშები.

ფოტოზე: ჩარლზ მონრო. ახალზელანდიური რაგბის ფუძემდებელი, რომელიც 1851 წლის 5 აპრილს დაიბადა და 1933 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა.

სწორედ ჩარლზ მონრო იყო, რომელმაც მხარეებს შესთავაზა, რომ რაგბის წესებით ეთამაშათ, რაზეც თანხმობა მიიღო. ნელსონის კოლეჯის ხელმძღვანელი ფრენკ საიმონსი რაგბის ექს-სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო და ამ იდეას დათანხმდა. 

1870 წლის 14 მაისის 2 საათზე ეს მატჩი დაიწყო და დასრულდა საფეხბურთო კლუბის გამარჯვებით 2:0. კლუბის კაპიტანმა ალფრედ დრიუმ შესანიშნავი ლელო გაიტანა და გახდა პირველი ახალზელანდიური მექულე. მეორე ქულა ჯონ კლარკის ანგარიშზეა მეორე ტაიმში.

ფეხბურთელებს რაგბის თამაში ძალიან მოეწონათ და უფრო დიდი სიამოვნება მიიღეს, ვიდრე ფეხბურთის თამაშით. ისინი უფრო დაინტერესდნენ რაგბით და სამომავლოდაც გადაწყვიტეს თამაში. რამდენიმე თვეში, იმავე 1870 წელს ნელსონის კლუბის მდივანმა რობერტ ტენენტმა ჩარლ მონროს წერილი მიწერა ველინგტონში და სთხოვა, რომ გაეკეთებინა ნელსონსა და ველინგტონს შორის რაგბის მატჩის ორგანიზება. მონრომ ველინგტონში მალევე შეკრიბა გუნდი და მათ რაგბის წესებიც ასწავლა. ის შემდგომ დაუახლოვდა კოლონიური ფინანსური განყოფილების თავკაცს ჯულიუს ვოგელს და უფასო ტრანსპორტი, გემი "ლუნა" მოიპოვა ნელსონელი მეგობრებისთვის, რომლებიც ველინგტონში უნდა ჩამოსულიყვნენ.

ალფრედ დრიუმ და ნელსონის კლუბმა 1870 წლის სექტემბერში გადმოკვეთეს კუკის სრუტე. 

ფოტოზე: გემი, რომლითაც ნელსონის გუნდი 1870 წელს ველინგტონში რაგბის სათამაშოდ უფასოდ ჩავიდა.

ისე მოხდა, რომ ცუდი ამინდის გამო, ბასინის ნაკრძალში თამაში შეუძლებელი იყო და მატჩის ჩატარებას სერიოზული საფრთხე შეექმნა, თუმცა მონრომ მთელი ველინგტონი შემოიარა და პეტონში (ველინგტონის გარეუბანი) აღმოაჩინა მატჩისთვის შესაფერისი ბრტყელი და მშრალი ველი. შაბათს, 1870 წლის 12 სექტემბერს, ველინგტონის გარეუბან პეტონში ნელსონი, რომლის რიგებშიც 13 მოთამაშე იყო, დაუპირისპირდა ველინგტონს, რომელმაც 12 მორაგბეს მოუყარა თავი. ნელსონმა 2:1 მოიგო, ხოლო ალფრედ დრიუმ კვლავ გაიტანა.

ჩარლზ მონრო ითვლება ადამიანად, რომელმაც ახალ ზელანდიაში რაგბი დაარსა. ქვეყნის რაგბის კავშირი ყოველწლიურად  აჯილდოვებს წლის მოხალისეს ჩარლზ მონროს სახელობის ჯილდოთი. ახალი ზელანდიის რაგბის მუზეუმის გარეთ, სწორედ მონროს ქანდაკება დგას, რომელსაც ხელში რაგბის ბურთი უჭირავს.

ფოტოზე: ჩარლზ მონროს ძეგლი ახალი ზელანდიის რაგბის მუზეუმის შენობის წინ

ფოტოზე: ლეგენდარული ჩარლზ მონროს საფლავი.

ფოტოზე: ნელსონის გუნდის კაპიტნის ალფრედ დრიუს საფლავი (1849-1925)

ფოტოზე: ნელსონის კლუბის მდივნის რობერტ ტენენტის საფლავი 

© New Zealand Rugby Museum

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია