ბილი ვუნიპოლა: "ინგლისის ნაკრების შემდეგ, ტონგაში რომ ვითამაშო, სწორი არ იქნება"

ბილი ვუნიპოლა: "ინგლისის ნაკრების შემდეგ, ტონგაში რომ ვითამაშო, სწორი არ იქნება"

"დეილი მეილმა" გუშინ ინგლისის ნაკრების და "სარასენსის" ერთ-ერთი ლიდერის ბილი ვუნიპოლას ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

განსაკუთრებით საინტერესო კი ის მონაკვეთი გახლავთ, როდესაც ვუნიპოლამ ბილ ბომონტის კუნძულელებისადმი დაპირებაზე ისაუბრა, რაც წესის შეცვლას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, მათ შეეძლებათ გამოიძახონ ისეთი მორაგბე, რომელსაც წარსულში ნათამაშები აქვს რომელიმე სხვა ნაკრებში, შემდეგ კი 3 წელი აღარ უთამაშია ამ ქვეყნის მაისურით და წარმოშობა კუნძულებიდან აქვს. მაგალითისთვის, ეს წესი რომ არსებობდეს, ჯულიან სავეას შეეძლებოდა სამოაში თამაში, ჩარლზ პიეტაუს ტონგაში, ხოლო ვაისაკი ნაჰოლოს - ფიჯიში.

თუ ეს წესი ამოქმედდება და ვუნიპოლა 3 წელი ინგლისში აღარ ითამაშებს, შემდეგ მას ტონგაში თამაში შეეძლება, თუმცა 27 წლის მესამეხაზელი თვლის, რომ ეს მისგან სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.

"ჩემი აზრით, როდესაც რაღაც გზას ირჩევ, მას ბოლომდე უნდა მიყვე. მე არჩევანი გავაკეთე და ვთქვი, რომ ინგლისში ვითამაშებდი და იმ შემთხვევაში, თუ ჩემზე ახალგაზრდა და უკეთესი მორაგბე გამოჩნდა, ვთქვა ინგლისიდან წავალ და ახლა ტონგაში ვითამაშებ? ეს ჩემგან სწორი არ იქნებოდა.

როდესაც ინგლისის ნაკრებში მოვედი, ბენ მორგანის ადგილი დავიკავე. თუ მე დავბრუნდები და ვითამაშებ ტონგის ნაკრებში, სხვა მოთამაშეს წავართმევ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას, რომლის მიზანიც თავიდანვე ტონგაში ასპარეზობა გახლდათ. მე მგონია, რომ ეს სწორი არაა.

მიზეზი, თუ რატომ არ ვითამაშე ტონგაში კარგადაა ცნობილი. ტონგადან უამრავი მორაგბე მიდის სხვადასხვა ქვეყნებში, იმისთვის, რომ მოძებნონ კარგი სამსახური, მაღალი ანაზღაურებით და იზრუნონ ოჯახის კეთილდღეობაზე. სანამ არ გვექნება სისტემა, რომლითაც ყველა ერთნაირ თანხას მიიღებს, ხალხი აირჩევს უფრო სტაბილურ ვარიანტს. რთული არჩევანი გვაქვს", - აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ მაკო და ბილი ვუნიპოლებმა კარიერა ინგლისს დაუკავშირეს, დღემდე მჭიდრო კავშირი აქვთ მშობლიური ქვეყნის რაგბისთან, რადგან მათი მამა ფე'აო ვუნიპოლა ტონგის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორია. მიუხედავად იმისა, რომ ტონგას "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის უფლება არ ჰქონდა, ისინი მაინც ყურადღებით აკვირდებოდნენ ამ პროცესს. როგორც იცით, სამოამ და ფიჯიმ ბომონტს მისცეს ხმა.

ვუნიპოლამ ასევე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ტონგაში რაგბის დონის უფრო ამაღლება. 

"ბევრმა ადამიანმა აგუსტინ პიშოს დაუჭირა მხარი, რადგან მათ ცვლილებები სურთ. იგივე გააკეთა ახალმა ზელანდიამაც, მაგრამ მოდით ვიკითხოთ, რამდენჯერ ყოფილან ისინი ტონგაში და ფიჯიში? არც ერთხელ. ამ დროს, მათ ამისთვის მხოლოდ ორსაათიანი ფრენა სჭირდებათ.

იმისთვის, რომ ტონგა უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, პირველ რიგში საჭიროა, პროგრამა, რომლითაც ადგილობრივი მოთამაშეების პირობები გაუმჯობესდება, ექნებათ მათ ნორმალური ანაზღაურება და იძულებულები არ იქნებიან, რაგბის თამაშის ნაცვლად, ავსტრალიაში ხილის საკრეფად წავიდნენ, რათა ოჯახები არჩინონ.

თუ ასე მოხდა და მორაგბეებს ელემენტარული პირობები შეექმნათ, იქნებ ერთ დღესაც ტონგამ მოიგოს "თვიქნემზე" ან კარდიფში. ერთადერთი გზა, რომლითაც ტონგა მეტ სპონსორს მოიზიდავს, არის მაღალი დონის გუნდებთან მოგება, მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიო თასზე რეგულარული გამოსვლა ამისთვის არ კმარა.

მე ძალიან გამიხარდებოდა ინგლისი, არგენტინა ან ბრაზილია ტურნეზე რომ ჩამოსულიყო ტონგაში. წარმოიდგინეთ რა მაგარი ტურნე იქნებოდა, მატჩები სამოაში, ტონგაში და ფიჯიში. ეს იქნებოდა საუკეთესო სამი კვირა ამ მოთამაშეებისთვის და ქვეყნებისთვის. მათ შეიძლება მთელი ქვეყანა დაეხურათ ერთი კვირა, თუ ინგლისი ჩამოვიდოდა. ეს საოცარი იქნებოდა, ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 100%-ით", - განაცხადა ბილიმ, რომელმაც 2013 წლიდან ინგლისის ნაკრებში 51 შეხვედრა ჩაატარა და 8 ლელო გაიტანა.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა