ბექა გორგაძე: "უკაპიტნო საქართველოს ნაკრებს, ეს ყოველთვის დიდი პატივია"

ბექა გორგაძე: "უკაპიტნო საქართველოს ნაკრებს, ეს ყოველთვის დიდი პატივია"

„ბორდოსთვის“ 2019/2020 წლების სეზონი ისტორიული უნდა ყოფილიყო.  ჟირონდული კლუბი 2006 წელს დაარსდა, ტოპ 14-ში 2011 წელს აღზევდა და მას შემდგომ, ისტორიაში საუკეთესო შედეგი მეშვიდე ადგილი იყო. წლევანდელ სეზონში კი, 17 ტურის შემდგომ საფრანგეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობდა და მეორე ადგილოსან „ლიონს“ რვა ქულით უსწრებდა, ჩელენჯ თასზე კი მეოთხედფინალში იყო გასული და ტიტულისთვის ბრძოლას გეგმავდა, თუმცა უცბად ყველაფერი აირია, როგორც „ბორდოში“, ასევე მსოფლიოში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა სარაგბო ტურნირი შეწყდა, რამდენიმე დღის წინ კი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ საფრანგეთში პროფესიული სპორტი სექტემბრამდე ვერ განახლდება, რაც წლევანდელი სეზონის ავტომატურ ჩაშლას ნიშნავს.

როგორც მოგეხსენებათ, „ბორდოს“ ღირსებას იცავენ ბექა გორგაძე, ლექსო ყაულაშვილი და ლაშა ტაბიძე, ხოლო ესპუარებშია საბა ყაულაშვილი. მას შემდგომ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტოპ 14 სექტემბრამდე ვერ განახლდება, Myrugby.Ge ბექა გორგაძეს დაუკავშირდა, რომელმაც 2019 წელს პირველად ითამაშა მსოფლიო თასზე, წელს კი პირველად უკაპიტნა ნაკრებს და კლუბშიც კარგად მისდიოდა საქმეები.

ბექას პირველ რიგში საფრანგეთში ჩაშლილი სარაგბო სეზონის შესახებ და „ბორდოში“ არსებულ ვითარებაზე ვკითხეთ, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებზე ვისაუბრეთ და როგორც 24 წლის მორაგბემ აღნიშნა, მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რომ ნაკრების კაპიტნობა მოუწია. დანარჩენი კი ჯობს თავად წაიკითხოთ.

- მდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საფრანგეთში პროფესიული სპორტი სექტემბრამდე ვერ განახლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოპ 14 წლევანდელი სეზონი ჩაიშლება. რას ამბობენ კლუბში, ამ ყველაფერზე? ფედერაციისგან რაიმე კონკრეტული ხომ არ თქმულა საბოლოო შედეგებზე და მაგალითად იმაზე, თუ როგორ მოხდება შემდეგი სეზონისთვის კლუბების ჩემპიონთა თასზე გადანაწილება?

- ჯერჯერობით უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები, ერთი ის ვიცით, რომ სექტემბრამდე არ განახლდება სეზონი. ორშაბათს ჩვენი მთავარი მწვრთნელი მართავს ვიდეო-შეხვედრას, სადაც ალბათ უფრო დეტალურად გაგვაცნობს ინფორმაციას.

- "ბორდო" წელს ბრწყინვალე ფორმაში იყო. ტოპ 14-ში პირველ ადგილზე იყავით, ჩელენჯ თასზე პლეი-ოფში იყავით გასულები. ამის გათვალისწინებით, რამდენად უფრო რთულია ასეთ დროს სეზონის ჩაშლა, როდესაც ტიტულის მოგების რეალური შანსი გქონდათ?

- გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვლენოვანესი წელი იყო შედეგიდან გამომდინარე და ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ზუსტად ეხლა იგრძნობა, მაგრამ რას ვიზამთ მთელი მსოფლიო დგას ამ პანდემიის წინაშე და ვიმედოვნებთ, რომ ეს ამდენი შრომა მთლიანად არ დაიკარგება და ფლეიოფებიდან გაგრძელდება სეზონი.

დ დ როგორ ატარებ კარანტინის პერიოდს?

- კარანტინზე შეიძლება ითქვას რომ გამიმართლა, პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოში მიწევს ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა, მეორე კი იმიტომ, რომ ქვიშხეთში ვარ უკვე თვეზე მეტია და თითქმის ყველანაირი საშუალება მაქვს რომ ვივარჯიშო და ფორმა შევინარჩუნო. ბუნებრივია, რომ საფრანგეთში მარტოს უფრო გამიჭირდებოდა ამ პერიოდის გადატანა

- რამდენად კმაყოფილი ხარ შენი თამაშით წლევანდელ სეზონში? ვგულისხმობ, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ასპარეზს. კონკრეტულად რით ხარ კმაყოფილი და რაში ისურვებდი უფრო მომატებას?

- არანაირი საფუძველი არ მაქვს რომ კმაყოფილი ვიყო წლევანდელი სეზონით, მითუმეტეს გუნდში, სადაც ვერ მოვახერხე თავის გამოჩენა. რთული იყო თავის დამკვიდრება, იმიტომ რომ, ფიზიკურად არ ვატარებდი დიდ დროს გუნდში და ამიტომ ერთი სული მაქვს როდის აიღებს სტარტს ახალი სეზონი. ნაკრებშიც იყო ნორმალური თამაშები და იყო ცუდებიც რა თქმა უნდა. მსოფლიო თასზეც ვთვლი, რომ ვერ მოვახერხე სათანადოდ თავის გამოჩენა, მაგრამ დახვეწა ყველა კომპონენტშია საჭირო და აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას.

- კარანტინის დასრულების შემდეგ, პირველი რის გაკეთებას გეგმავ?

- პასუხი მარტივია პირველი საფრანგეთში დაბრუნება მომიწევს და იქ რა დამხვდება არ ვიცი (იღიმის).

- წელს პირველად უკაპიტნე საქართველოს ნაკრებს, როგორი შეგრძნებაა ეს და როგორი პასუხისმგებლობა?

- პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა დიდი იყო, მაგაზე ლაპარაკიც ზედმეტია. შეიძლება ითქვას რომ გამიმართლა, რადგან არ მომიწია რთული თამაშების კაპიტნობა და წნეხიც შედარებით ნაკლები იყო, მაგრამ უკაპიტნო საქართველოს ნაკრებს, ეს ყოველთვის დიდი პატივია.

- საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე გკითხავ რაგბი ევროპაზე, ტიტული ერთი ტურით ადრე გაინაღდეთ. მთლიანობაში რამდენად კმაყოფილი ხართ ხარისხით და რა იყო ისეთი კომპონენტი, რომელიც ნაკრებს გასაუმჯობესებელი აქვს.

- მთლიანობაში პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს ეს ერთა თასი. ერთი ტურით ადრე ჩემპონობას თავი რომ დავანებოთ, ბევრ დებიუტანტს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და საკმაოდ კარგადაც გაართვეს თავი. სუსტ კომპონენტად შეიძლება დაცვა ჩაითვალოს, რადგან საკმაოდ ბევრჯერ მოახერხა მოწინააღმდეგემ დაცვის ხაზის გარღვევა და ხშირად ქულებშიც აისახა, განსაკუთრებით პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ.

-  უბრალოდ მიმართე გულშემატკივარს, რას ეტყოდი ამ რთულ პერიოდში, როდესაც ყველანაირი სპორტი და აქტიური ცხოვრება შეჩერებულია და თითქმის მთელი მსოფლიო კარანტინშია.

- პირველ რიგში ვეტყოდი, რომ გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. მესმის რთული პერიოდია, მაგრამ ყველაფერი დაძლევადია და ამ ვირუსის დასასრულიც მალე იქნება, მთავარია გავმაგრდეთ და ვიფიქროთ ოპტიმისტურად!

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]