რატი ურუშაძე: "ბომონტი კვლავ 6 ერის ტყვე იქნება, მხარს პიშოს ვუჭერ"

რატი ურუშაძე: "ბომონტი კვლავ 6 ერის ტყვე იქნება, მხარს პიშოს ვუჭერ"

© PA Images

26 აპრილს "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო ყრილობა დაიწყო, რომელიც 30-მდე გაგრძელდება, ხოლო საბოლოო შედეგები 12 მაისს გახდება ცნობილი. რაგბის მმართველის პოსტისთვის, მოქმედი პრეზიდენტი ბილ ბომონტი და ამჟამინდელი პრეზიდენტი აგუსტინ პიშო იბრძვიან. 

ამ მომენტისთვის, ოფიციალურად საკუთარი პოზიცია მხოლოდ ოთხმა ორგანიზაციამ დაადასტურა: პიშოს ახალმა ზელანდიამ და "აზია რაგბიმ" მისცა ხმა, ხოლო ბომონტს "რაგბი ევროპამ" და უელსმა, რომლის კავშირის თავმჯდომარის გარეთ დევისის თქმით, საბჭოში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა საბოლოო ჯამში სასწორი ინგლისელის სასარგებლოდ გადაიხარა. ჯამში ორივე კანდიდატს ხუთ-ხუთი ხმა აქვს, სულ კი 51 ხმაა და გამარჯვებისთვის 26 ხმაა საჭირო.

დღეს ბრიტანულმა გამოცემამ "დეილი მეილმა" საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რაგბის მმართველი კვლავ ბილ ბომონტი იქნება და ზემოხსენებული წყაროს ვარაუდით, ხმა საქართველომაც მისცა.

Myrugby.Ge დაინტერესდა ვეტერანი ბორჯღალოსნების აზრით, თუ რომელი კანდიდატი მიაჩნიათ სასურველად საქართველოს პროგრესისთვის და ასევე რას ფიქრობენ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხმა ბომონტს ერგო. ჩვენ საქართველოს ნაკრების ყოფილ მეორე/მესამეხაზელს რატი ურუშაძეს დავუკავშირდით, რომელსაც 1997-2009 წლებში 41 კეპი აქვს მოხვეჭილი და 5 ლელოს გატანა მოახერხა. რატიმ 2007 წლის მსოფლიო თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა.

"ხვამლის" 44 წლის მწვრთნელი ფიქრობს, რომ ქართული რაგბისთვის და ზოგადად, რაგბის განვითარებისთვის, აგუსტინ პიშოს გამარჯვებაა საჭირო.

რატი ურუშაძე: "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე აგუსტინ პიშოს მომხრე ვარ. ჩემი აზრით, ბომონტი არაფრის შემცვლელი არ არის და 6 ერის ტყვე იქნება ისევ. პიშო უფრო ახალგაზრდაა და თან უფრო პროგრესული ხედვებიც აქვს, მას 6ერი ვერ შეაშინებს. ის ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ინტერესებს მეტად დაიცავს, იმიტომ რომ, კარგად იცის თუ რა სარგებელი მოუტანა არგენტინას 4 ერში და სუპერ რაგბიში ფრენჩაიზის ჩართვამ. თანაც, თითქმის ყველა გამოსვლაში ჩვენზე საუბრობს, რაც კარგის ნიშანია. ამიტომაც, ჩემი ხმა პიშოს. 

- ბრიტანული "დეილი მეილი" წერს, რომ საქართველომ, სავარაუდოდ ხმა ბომონტს მისცა. თუ ეს ინფორმაცია სიმართლე გამოდგა, როგორ შეაფასებდი და ახსნი ამ ნაბიჯს?

- ვერ ავხსნი ასეთ ნაბიჯს, რადგან ბომონტი ამდენი წელია სათავეშია და ჩვენთვის ამით არაფერი შეცვლილა. დრო კი აჩვენებს, რომ სერიოზული ცვლილებების დროა, იმისთვის, რომ პროგრესი გაგრძელდეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატმა ჩვენთვის აზრი დაკარგა, აქ ჩვენ რეგრესს თუ განვიცდით, თორემ პროგრესი შეუძლებელია. პროგრესის ერთადერთი საშუალება ძლიერ გუნდებთან ტესტებია ან სერიოზულ ტურნირში ჩართვა. მე ასე ვფიქრობ.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]