რომელ ქვეყანას რამდენი ხმის უფლება აქვს "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე?

რომელ ქვეყანას რამდენი ხმის უფლება აქვს "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე?

როგორც იცით, "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს: მოქმედი პრეზიდენტი, ინგლისელი ბილ ბომონტი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, არგენტინელი აგუსტინ პიშო.

რაგბის კონსერვატორული ნაწილი ბომონტს უჭერს მხარს, ხოლო პროგრესულად განწყობილნი პიშოსკენ არიან. საპრეზიდენტო ყრილობა 12 მაისს შედგება.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნულ საკითხზე ხშირად ვწერთ, გაგაცნობთ, თუ ვინ და როგორ ირჩევს "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტს. სულ 51 საარჩევნო ხმაა და გამარჯვების მოსაპოვებლად, კანდიდატს 26 ხმის მიღება სჭირდება.

საარჩევნო ხმები რაგბის კავშირებზე და რეგიონულ ორგანიზაციებზე ასეა გადანაწილებული:

სამი ხმა: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ  აფრიკა,  არგენტინა;

ორი ხმა: იაპონია და რეგიონალური ორგანიზაციები - რაგბი ევროპა, რაგბი სუდამერიკანა, რაგბი აზია, რაგბი აფრიკა, რაგბი ოკეანეთი, რაგბი ჩრდილოეთ ამერიკა.

ერთი ხმა: საქართველო, რუმინეთი, ფიჯი, სამოა, აშშ, ურუგვაი, კანადა. 

ცნობილია, რომ 68 წლის ბომონტს მხარს უჭერენ ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის და ფიჯის რაგბის კავშირები, ხოლო 45 წლის პიშოს კანდიდატურის მომხრენი არიან ავსტრალია, არგენტინა და "რაგბი სუდამერიკანა". 

ასევე ირკვევა, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ბერნარდ ლაპორტის არჩევის მომხრენი არიან საფრანგეთი და რუმინეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუმინეთი ბომონტისკენ იქნება, რადგან ლაპორტი სწორედ 68 წლის ჩინოვნიკთან ერთად აპირებს მუშაობას. 

 ჭორის დონეზე ცნობილია, რომ ინგლისელის მხარესაა 6 ერის ყველა ქვეყანა და "რაგბი ევროპა", ხოლო არგენტინელს "სანზაარის" ყველა წარმომადგენელი უჭერს მხარს. სავარაუდოდ პიშოსკენ იქნებიან აზიის, ოკეანეთის და აფრიკის რეგიონალური ორგანიზაციები, ასევე ურუგვაის რაგბის კავშირი. თუ ეს ყველაფერი სიმართლე გამოდგა, მაშინ გამოდის, რომ ბომონტს 22 ხმა ექნება, ხოლო, პიშოს - 21. 

დარჩენილ 8 ხმაზე საუბარი რთულია. აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარი გოლდმა და კანადის ნაკრების მორაგბემ ევან ოლმშტადმა მხარი ღიად დაუჭირეს პიშოს, თუმცა მათი მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ასე ფიქრობენ მათი ქვეყნის რაგბის კავშირებშიც. ინგლისის ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი ქლაივ ვუდვორდიც პიშოს მომხრეა, თუმცა ინგლისის რაგბის კავშირში  ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. ასე რომ, ცალკეული ადამიანების მხარდაჭერა გადამწყვეტი არაა. სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონალური ორგანიზაცია იმას დაუჭერს მხარს, ვისკენაც აშშ და კანადა იქნებიან.

გულშემატკივარს ალბათ კითხვა გაუჩნდება, თუ რატომ უჭერს მხარს ფიჯი ბომონტს, რადგან კუნძულელები ხშირად აპელირებდნენ მათ ჩაგვრაზე, პიშო კი რადიკალური ცვლილებების მომხრეა. საქმე იმაშია, რომ ბომონტი კუნძულელებს მისი არჩევის შემთხვევაში დაპირდა წესის მიღებას, რომლის მიხედვითაც ისინი შეძლებენ იმ მოთამაშეების გამოძახებას, რომლებიც წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნებიდან არიან, ნათამაშები აქვთ სხვა დიდ ნაკრებში, თუმცა თუ ამ ნაკრებში გარკვეული პერიოდი აღარ ითამაშებენ, მშობლიური ქვეყნის კვართით თამაში შეეძლებათ. ამ მოდელის მიღების შემთხვევაში, ფიჯის შეეძლება ვაისაკი ნაჰოლოს გამოძახება, ტონგას ჩარლ პიუტაუს ხილვა, სამოას - ჯულიან სავეასი. როგორც ჩანს, ფიჯი ამ წინადადებამ მოთაფლა. ხმის უფლება აქვს სამოასაც და სავსებით შესაძლებელია, რომ მათაც მეზობლებს მიბაძონ და ბომონტს მისცენ ხმა. ტონგა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.

იაპონიის რაგბის კავშირზე ცნობილი სარაგბო პორტალი "ამერიკა რაგბი ნიუსი" გამოცემა "ოლეს" ჟურნალისტ სერხიო სტიუარტზე დაყრდნობით წერდა, რომ ბომონტს დაუჭერდა მხარს, თუმცა ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ ფიჯი პიშოს დაუჭერდა მხარს, ხოლო ბოლო დღეებში საპირისპირო გამოჩნდა. ამავე გამოცემა წერდა, რომ საქართველო სარაუდოდ პიშოს მისცემდა ხმას, თუმცა ჯერჯერობით საქართველოს რაგბის კავშირიდან ამაზე არავის უსაუბრია და რაიმეს დანამდვილებით თქმა ამ ეტაპზე რთული იქნება.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია