აგუსტინ პიშო "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტობისთვის და რევოლუციური ცვლილებებისთვის იბრძოლებს

აგუსტინ პიშო "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტობისთვის და რევოლუციური ცვლილებებისთვის იბრძოლებს

"მსოფლიო რაგბის" ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო, ნახსენები ორგანიზაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საკუთარი კანდიდატურა უკვე დაარეგისტრირა და როგორც ის 2020-2024 წლების "მსოფლიო რაგბის" მისეულ განვითარების პროგრამაში აღნიშნავს, გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს რევოლუციური ცვლილებების გასახორციელებლად.

პიშო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე სარაგბო ჩინოვნიკი. მისი დიდი დამსახურებაა, რომ  არგენტინის ნაკრებმა ბოლოსდაბოლოს მოახერხა და გახდა "სანზაარის" სრულუფლებიანი წევრი. შესაბამისად, 2012 წლიდან "პუმები" 3 ერს შეუერთდნენ, ხოლო 2016 წლიდან "ხაგუარესი" სუპერ რაგბის გათამაშებას შეუერთდა. ის მომხრეა, რომ რაგბი გლობალური გახდეს და გაიხსნას ელიტარული ტურნირები, 6 ერი და 4 ერი. გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი მსოფლიო ლიგის ყოველწლიური ტურნირისა, რომელშიც 12 გუნდს უნდა მიეღო მონაწილეობა და გავარდნა-აღზევება უნდა ყოფილიყო, თუმცა 6 ერის ქვეყნებმა ზუსტად ამ პუნქტის გამო ეს წინადადება დაბლოკეს.

უკანასკნელ პერიოდში, სამხრეთელთაგან სულ უფრო ხშირად ისმის, რომ კონსერვატორული მიდგომა უნდა დასრულდეს და რაგბი ყველასთვის გაიხსნას. ამის შესახებ, რამდენიმე დღის წინ ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმაც განაცხადა და ეს ინტერვიუ შემოგთავაზეთ კიდეც. კორონავირუსის პანდემიამ მთელ სარაგბო სამყაროს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა, სამხრეთელები ფიქრობენ, რომ ახლა ცვლილებების და გლობალური კალენდარის შემოღების საუკეთესო დროა, რისთვისაც პიშო დიდი ხანია იბრძვის. 

კენჭისყრა 26 აპრილს უნდა გაიმართოს და ის ფარულად, ელექტრონული ფორმით ჩატარდება. მეორე კანდიდატი ამჟამინდელი "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი ბილ ბომონტია, რომლის გამარჯვების შემთხვევაშიც, პიშო ვიცე-პრეზიდენტი აღარ იქნება და მის ადგილს საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბერნარდ ლაპორტი დაიკავებს. ეს დუეტი ხელსაყრელია მათთვის, ვინც კონსერვატიულად არიან განწყობილნი და არსებული სიტუაციის შენარჩუნება სურთ, რასაც ხშირად უწოდებენ "რაგბის ძველი ბიჭების კლუბს".

ცნობილი სარაგბო გამოცემა "ამერიკა რაგბი ნიუსი" გამოცემა "ოლეს" ჟურნალისტ სერხიო სტიუარტზე დაყრდნობით წერს, რომელმა რაგბის კავშირმა და რეგიონალურმა ორგანიზაციამ შეიძლება დაუჭიროს მხარი პიშოს და რომელმა ბომონტს. 

მათი ინფორმაციით, სულ არის 51 დელეგატი და გამარჯვებისთვის კანდიდატს 26 ხმის მოპოვება სჭირდება. თუ სტიუარტის ინფორმაცია სწორია, მაშინ ორივე კანდიდატს 22-22 ხმა აქვთ, ხოლო კიდევ 7 დელეგატის პოზიციაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

პიშოს მხარს "სანზაარის" ოთხივე ქვეყანა (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა) უჭერს მხარს, რაც 12 ხმას უდრის. მასვე ექნება აფრიკის, აზიის, ოკეანეთის და სამხრეთ ამერიკის რეგიონალური ხმები და როგორც ზემოხსენებული გამოცემა წერს, სავარაუდოა, რომ არგენტინელისკენ იქნებიან ურუგვაის და საქართველოს რაგბის კავშირები.

ბომონტის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ 6 ერის (ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია) ქვეყნები. სტიუარტი ბომონტი-ლაპორტის მომხრეების რიცხვს მიათვლის ევროპის რეგიონალურ ორგანიზაციას და იაპონიის რაგბის კავშირს.

რაც შეეხება დარჩენილ ხმებს, სტიუარტი ამტკიცებს, რომ ფიჯი და სამოა პიშოს კანდიდატურას დაუჭერენ მხარს, ხოლო ბომონტი და ლაპორტი, სავარაუდოდ, რუმინეთისგან და კანადისგან მიიღებენ მხარდაჭერას და თუ ყველაფერი ასე მოხდა, ორივეს 24-24 ხმა ექნებათ. დარჩენილი სამი ხმა ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონალურ ორგანიზაციას და აშშ-ის რაგბის კავშირს ეკუთვნის, ზემოხსენებული გამოცემა და ჟურნალისტი არ წერენ იმას, თუ ვისი მიმართულებით შეიძლება წავიდეს ეს დარჩენილი 3 ხმა, რომელიც გადამწყვეტი იქნება, თუ ყველაფერი იმ სცენარით განვითარდა, რაზეც "ამერიკა რაგბი ნიუსმა" და სერხიო სტიუარტმა ისაუბრეს.

გეტყვით, რომ აქამდე "მსოფლიო რაგბის" ყველა პრეზიდენტი 6 ერის ქვეყანას წარმოდგენდა: ვერნონ პუგი (1995-2002, უელსი), სიდ მილარი (2003-2007, ირლანდია), ბერნარდ ლაპასე (2007-2016, საფრანგეთი) და ბილ ბომონტი (2016-დღემდე, ინგლისი).

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია