სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"

სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"

ცნობილმა ახალზელანდიურმა გამოცემამ Stuff.co.nz "ოლ ბლექსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა.

60 წლის სპეციალისტის აზრით, კორონავირუსის პანდემია, შესაძლოა, რაგბისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში სასარგებლო  აღმოჩნდეს, ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შექმნილი ვითარების სწორად გააზრება მოხდება, შემდეგ კი, როდესაც ყველაფერი დასრულდება და სპორტი დაბრუნდება, რაგბი ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. კონკრეტულად კი, ჰანსენი გულისხმობს იმას, რომ რაგბი გლობალური უნდა გახდეს, განვითარების შანსი ყველას უნდა მიეცეს და ეს ის დროა, როდესაც ყველაფრის ახლიდან დაწყება შეიძლება. 

"თამაშიდან ფულის შოვნის საჭიროება კიდევ უფრო მეტი იქნება. ეს იქნება სულ სხვა სამყარო, როდესაც ჩვენ გავიღვიძებთ და სპორტული ღონისძიებები კვლავ განახლდება. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ "მსოფლიო რაგბიმ" შექმნას გლობალური სეზონი, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან და სწორად. 

თუ ამას გავაკეთებთ, იქნება უფრო მეტი მატჩების შესაძლებლობა ახალ ზელანდიასა და წყნარი ოკეანის გუნდებს შორის, ასევე  ავსტრალიასთან და სამხრეთ აფრიკასთან. მოხდება მათი დამატება მაღალი დონის შეჯიბრში.

ახლა, როდესაც კორონავირუსის გამო მძიმე ვითარებაა და არ შეგვიძლია თამაში, სამაგიეროდ, შეგვიძლია, რომ დავჯდეთ, რაღაცეებზე ხელახლა დავფიქრდეთ და ვთქვათ 'სწორია, მოდით ვიყოთ გაბედულები, ძლიერები და გავაკეთოთ რაღაც განსხვავებული", - ფიქრობს ჰანსენი.

ამჟამად იაპონური "ტოიოტა ვერბლიცის" დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია მოხდეს კუნძულელი მორაგბეების ინტერესების დაცვა და მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნა.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რაგბი მხოლოდ ახალი ზელანდია არაა, მაგრამ ჩვენ ვართ მსოფლიო რაგბის ნაწილი, ამ პრობლემების ნაწილი და შესაბამისად, გამოსავალი ჩვენც უნდა ვეძებოთ. ჩრდილო ჰემისფეროში ბევრი ძალიან კარგი კუნძულელი მორაგბე ასპარეზობს, რომლებიც დაშინებულები, ზეწოლის ქვეშ არიან, რომ საკუთარ ნაკრებებში თამაშზე უარი თქვან.

ფინანსური თვალსაზრისიდან გამომდინარე მათთვის ძალიან რთული ხდება ნაკრებებში თამაში. ჩვენ ერთი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს ბიჭები ჩვენ კლუბებში სათამაშოდ ჩამოვიყვანოთ, მაგრამ მათ მივცეთ თავიანთ ნაკრებებში თამაშის საშუალება, რადგან ჩვენ გვჭირდება ძლიერი საერთაშორისო რაგბი", - განაცხადა გამოცდილმა სპეციალიასტმა, რომელიც "ოლ ბლექსში" 16 წელი მუშაობდა, რვა წელი ასისტენტის, ხოლო კიდევ ამდენივე მთავარი მწვრთნელის რანგში. 

შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო რაგბი" გასულ წელს მუშაობდა გლობალური ტურნირის, მსოფლიო ლიგის შექმნაზე, რომლის მიხედვითაც დაარსებოდა ყოველწლიური ტურნირი (გარდა მსოფლიო თასის წელისა), რომელიც დაიყოფოდა რამდენიმე კონფერენციად და რაც მთავარია, გაიხსენებოდა 6 და 4 ერი. კონკრეტულად კი, 6 ერის ბოლო ადგილოსანს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შორის დაინერგებოდა პლეი-ოფის მატჩი, რომელშიც გამარჯვებული 6 ერში იასპარეზებდა, ხოლო 4 ერს ორი გუნდი, იაპონია და ფიჯი დაემატებოდნენ და რელეგაცია იქაც იქნებოდა. 

"მსოფლიო რაგბიმ" ეს პროექტი სოციალურ ქსელებშიც ატვირთა და გულშემატკივრების უდიდესი ნაწილისგან მოწონება დაიმსახურა. პროექტი მოიწონა და ტურნირის შექმნაზე თანახმანი იყვნენ ახალი ზელანდია და ავსტრალია, თუმცა ჩრდილო ჰემისფეროს, კონკრეტულად კი 6 ერის რამდემე კავშირის (როგორც იწერება ინგლისის, შოტლანდიის და იტალიის) სასტიკმა წინააღმდეგობამ პროექტი ჩაშალა. მათი უარი უპირველესად დაქვეითება-აღზევების სისტემის არსებობამ განაპირობა, ჰანსენი კი სწორედ ამ კონსერვატიური მიდგომის დასრულების და რაგბიში ახალი ცხოვრების დაწყების მომხრეა, რომელიც ჭეშმარიტად გლობალურობაზე იქნება დაფუძნებული, თუმცა ფაქტია, რომ ძველი სისტემის დამსხვრევა და რაგბის გახსნა ძალიან რთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ 6 ერის სათავეში და "მსოფლიო რაგბის" ბევრ მაღალ თანამდებობაზე ძველი ყაიდის ჩინოვნიკები არიან. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია