სუპერ რაგბის ახალი თავის ტკივილი - იაპონელების შურისძიება?

სუპერ რაგბის ახალი თავის ტკივილი - იაპონელების შურისძიება?

იაპონური რაგბის სწრაფ პროგრესზე, ჩვენს მკითხველს, ალბათ კარგად მოეხსენება. "საკურებმა" 2015 წლის მსოფლიო თასზე უდიდესი სენსაცია მოახდინეს, სამხრეთ აფრიკას მოუგეს და ჯამში 3 მატჩი მოიგეს, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ჩარჩნენ და ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიო თასების ისტორიაში, როდესაც გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო და პლეი-ოფში ვერ გავიდა. მომდევნო მსოფლიოზე კი "მამაცმა ალუბლებმა" ნამდვილი ფურორი შემოგვთავაზეს, ოთხივე თამაშში იმარჯვეს და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ მეორე ტაიმში გატყდნენ.

იაპონური რაგბის წინსვლა მხოლოდ სანაკრებო რაგბით არ შემოიფარგლება. იაპონიის ჩემპიონატი წლიდან წლამდე თვისობრივად  ახალ დონეზე გადადის, სულ უფრო მეტი ვარსკვლავი ჩადის ამომავალი მზის ქვეყანაში სათამაშოდ და სულ უფრო მეტი გულშემატკივარი დადის სტადიონზე. 

2016 წლიდან სუპერ რაგბიში ჩაერთო იაპონური ფრენჩაიზი "სანვულვზი". მიუხედავად იმისა, რომ "მზის მგლები" უძლიერეს საკლუბო პირველობაზე კარგ შედეგებს ვერ აჩვენებდნენ, აქ თამაშმა იაპონურ რაგბის და პირველ რიგში ნაკრებს დიდი პროგრესი მოუტანა, თუმცა გასულ წელს "სანზარმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2021 წლიდან სუპერ რაგბიში "სანვულვზი"  აღარ იასპარეზებს. 

იაპონელები პანიკაში არ ჩავარდნილან, უმალ გამოსავლის პოვნაზე დაიწყეს ზრუნვა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შიდა ჩემპიონატი კიდევ უფრო გაეძლიერებინათ, რის შემდეგაც, სუპერ რაგბიში თამაში სულაც აღარ იქნებოდა პრიორიტეტული. იაპონელებს უზარმაზარი ეკონომიკური რესურსი აქვთ, სატელევიზიო შემოსავლების მხრივაც სერიოზული პოტენციალი გააჩნიათ და შესაბამისად, ამ მხრივ "სანზარის" ყველა ქვეყანას თავისუფლად აჯობებენ. ამ მხრივ, ნამდვილად გასაკვირია, თუ რატომ ვერ გაითვალისწინა ეს ფაქტორი "სანზარმა" და რატომ შეელია ასე იოლად იაპონელებს. 

მსოფლიო თასამდე და მისი დასრულებისთანავე, იაპონელებმა ტოპ ლიგაში უამრავ ვარსკვლავს მოუყარეს თავი, მათ შორის  ისეთებსაც, რომლებიც კარიერის პიკში არიან და ვეტერანი ნამდვილად არ ეთქმით. მაგ: სამუ კერევი, მალკოლმ მარქსი, არხი სნეიმანი, ბროდი რეტალიკი. აზიელებს ასეთი ვარსკვლავების ჩაყვანა ნამდვილად არ უჭირთ, სთავაზობენ ძალიან კარგ პირობებს, მაღალ ხელფასს, საინტერესო ქვეყანაში ცხოვრებას და სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს, იქ, სადაც ბოლო პერიოდი, ნამდვილი სარაგბო ბუმია.

ამ დროს კი რა ხდება სუპერ რაგბიში? ის, რომ ვარსკვლავებისგან წლიდან წლამდე იცლება: ზოგი ევროპაში მიდის საშოვარზე, ახლა კი გზა იაპონიისკენაც გაეხსნათ. უფრო ზუსტად კი, ახლა არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ. მაგალითისთვის, ადრე ახალზელანდიელ მორაგბეებს შეეძლოთ, რომ იაპონიის ჩემპიონატშიც ეთამაშათ და სუპერ რაგბიშიც, რადგან ტოპ ლიგა აგვისტოში იწყებოდა და სრულდება დეკემბრისთვის, ხოლო წელს ყველაფერი შეიცვალა და ტურნირი იანვარში, სუპერ რაგბის პარალელურად დაიწყო და ბუნებრივია, რომ მორაგბეებს მხოლოდ ერთი სამუშაო ადგილის არჩევა მოუწევთ.  

წელს იაპონიის ჩემპიონატის კალენდარული ცვლილება იმით იყო გამოწვეული, რომ 2019 წელს სექტემბერ-ნოემბერში იაპონიამ მსოფლიო თასს უმასპინძლა. ივარაუდებოდა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ერთჯერადი იქნებოდა და ტოპ ლიგა შემდგომში კვლავ ძველებურ კალენდარს დაუბრუნებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდება.

ტოპ ლიგის ხელმძღვანელმა ოსამუ ოტამ განაცხადა, რომ იაპონიის ჩემპიონატი გაისადაც იანვარში დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სუპერ რაგბის დაემთხვევა და სამხრეთ აფრიკული, ავსტრალიური და ახალზელანდიური ფრენჩაიზები ვერ შეძლებენ იმ მოთამაშეების გამოყენებას, რომლებიც იაპონურ კლუბებში ირიცხებიან. ყოველივე ეს სერიოზული პრობლემა იქნება სუპერ რაგბისთვის და ტურნირის ხარისხისთვის, რომელიც ბევრი გულშემატკივრის აზრით, წლიდან წლამდე ეცემა. 

ბევრი გულშემატკივრი ფიქრობს, რომ იაპონელთა მხრიდან ეს კარგად გათვლილი ნაბიჯია და ტოპ ლიგის სუპერ რაგბის პარალელურად ჩატარება, "სანვულვზის" გაგდების გამო, მათი ერთგვარი შურისძიებაა. სავარაუდოა, რომ მომდევნო წელს იაპონელები კიდევ უფრო მეტ მოთამაშეს დაიმატებენ სამხრეთული ქვეყნებიდან და სატელევიზიო შემოსავლების თვალსაზრისითაც, სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ მათ. 

გეტყვით იმასაც, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოპ ლიგა 2020 წელს აღარ განახლდება, ხოლო სუპერ რაგბის შემთხვევაში, ეს ჯერჯერობით უცნობია

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]