მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

დღეს "სპორტი იმედზე" მამუკა გორგოძის ინტერვიუ ვიხილეთ, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ივნისში კარიერას დაასრულებს.

კორონავირუსზე

"როგორც მთელი მსოფლიო, გაჩერებულები ვართ, კარანტინია. მე ტულონის გარეუბანში ვცხოვრობ, პოლიცია აქ არ მინახავს, თუმცა გარეთ გასვლა მხოლოდ საკვებზეა შესაძლებელი და ასევე სახლის სიახლოვეს სირბილი და ძაღლის გასეირნება შეიძლება. ოღონდ, თუ ორი ადამიანია გასული, დისტანციის დაჭერაა აუცილებელი. 

ფრანგებს რომ ჰკითხო, იტყვიან, რომ ჯიუტები არიან, მაგრამ მე რაც აქ ვცხოვრობ 16-წლიანი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ფრანგები არიან საკმაოდ კულტურული და ჰიგიენური ერი. ამიტომაცაა, რომ აქ ჯერჯერობით შედარებით ნაკლებად  არის აფეთქებული კორონავირუსი, ვიდრე სხვა დიდ ქვეყნებში, თუმცა როდის აფეთქდება კაცმა არ იცის.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს ძალიან დიდ პატივს ვცემ, აქაური პასპორტიც მაქვს, ჩემი მეორე ქვეყანაა და ძალიან ვგულშემატივრობ მათ, დამიჯერეთ, რომ დღეს ჩემი და ჩემი ოჯახის ყურადღება საქართველოზე არის გადმორთული. არ ვტოვებთ არცერთ საინფორმაციოს და სულით და გულით ვართ ჩართულნი მიმდინარე მოვლენებში.

მე ვერავის მოვუწოდებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ნაკლებად არავინ არაა მონდომებული საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნვაზე, მაგრამ დღეს სახლში დარჩენა და მთავრობაზე და ექიმებზე ხელშეწყობა არის ომში წასვლის ტოლფასი. ჩათვალეთ, რომ ომში მიდიხართ და ამით თქვენს ქვეყანას ეხმარებით, რომელიც უპრეცედენტოდ ისჯება. ვისაც როგორ უნდა ისე მიაწეროს, ყველამ კარგად იცის, რომ მე არანაირი ინტერესი არ მამოძრავებს და არ მამოძრავებდა არასდროს, მაგრამ დღეს რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს, ეს არის გმირობის ტოლფასი. დღეს რასაც ჩვენი ექიმები აკეთებენ არის გმირობის ტოლფასი, მაგრამ რასაც ჩვენი ხალხი აკეთებს, ეს არ არის გმირობის ტოლფასი, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია, რომ გავუთანაბრდეთ მათ და გავაკეთოთ გმირობა. დავრჩეთ სახლში, რადგან გარეთ გამოსვლას აზრი არ აქვს, ყველაფერი დაკეტილია. მესმის, რომ გაჭირვებაა, მესმის, რომ ზოგს სახლში დარჩენა უჭირს, მაგრამ გარეთ გამოსვლით ახლა არაფერი არ გაკეთდება."

კარიერის დასრულებაზე და დღევანდელ სპორტულ ვითარებაზე

სავარჯიშო პროცესი შეჩერებულია. ბიჭებმა სახლში წამოვიღეთ სავარჯიშო კარდიოს აპარატები და შინ ვვარჯიშობთ. ვოთსაპით გვიგზავნიან პროგრამას. გუნდში სამი ქართველი ვართ, ერთმანეთს ვერ ვნახულობთ. ყველაზე პატარა (ლუკა ჭელიძე - ავტ.) საქართველოში წამოვიდა და კარანტინშია, მოკითხვა მას. მეორე, ბექა გიგაშვილი, თავის სახლშია, პროგრამას უგზავნიან და ვარჯიშობს შეძლებისდაგვარად. 

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, თუ როდის განახლდება, ან საერთოდ განახლდება თუ არა წელს ტოპ 14. მართალია, ჩემი კარიერის ბოლოა და ბევრი მეუბნება, რომ ასეთ დასასრულს არ ვიმსახურებ, მაგრამ ახლა მთავარია კორონავირუსი დამარცხდნენ, ხალხი არ დაიხოცოს და არ გაწვალდეს. რაგბი და სპორტი ახლა მეორე პლანზე გადავიდა. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველო და ჩემი ოჯახი იყოს კარგად. ძალიან რთულია, როდესაც ასეთ დროს სამშობლოსგან შორს ხარ, გვინდა, რომ როგორც შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას. 

"ტულონთან" კონტრაქტი მისრულდება ივნისის ბოლოს და კარიერასაც ვასრულებ. კარიერის დასრულების შემდეგ რაგბიში დარჩენას არ ვაპირებ, თუმცა რა თქმა უნდა გვერდიდან ყოველთვის ჯარისკაცად დავრჩები და რაც შემეძლება, რაგბის დასახმარებლად ყოველთვის მის სამსახურში ვიქნები."

საქართველოს ნაკრებზე

"ლევან მაისაშვილი არის ჩემი მწვრთნელი, მეგობარი და ოჯახის მეგობარი. მიუხედავად იმისა, რომ თამაშები იყო სუსტ მოწინააღმდეგეებთან, რომლებთანაც თამაშები ჩემი პატივისცემის მიუხედავადად, ჩვენთვის აღარაფერს ნიშნავს. ვთვლი, რომ მთლიანად ეს ტურნირი, ჩვენთვის არაფრის მომცემია, მაგრამ უკვე რამდენი წელია ვთამაშობთ ამ გუნდებთან და წელს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვიძახი, რომ შედარებით გაშლილ რაგბს ვთამაშობდით. დიდი არაფერი, მაგრამ წინა წლებთან შედარებით ფლანგებზე მეტად ჩაგვქონდა ბურთი და უფრო სანახაობრივად ვთამაშობდით. 

ჩემი პირადი აზრია, რომ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ მეტი შანსი. არ არის საშიში. გულშემატკივრებიც უნდა მოემზადნონ, რომ შეიძლება იყოს წაგება, მაგრამ ამის გამო არ უნდა განსაჯონ. მე ამ რაგბი ევროპაზე უფრო მეტ ახალგაზრდას მივცემდი შანსს. ასეთი ტურნირი და მატჩები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ნაკრებში თამაში დავაწყებინოთ. მთავარია, რომ 2023 წლის მსოფლიო თასზე გუნდი მზად გვყადეს და არა ის, რომ ეს თასი მოვიგოთ ახლა და ის რომ რეიტინგში მე-12 ადგილზე ვართ. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა და დღევანდელი სიხარული. დღეს უნდა დავთესოთ, რომ ხვალ მოვიყვანოთ შედეგი."

ვეტერანი მორაგბეებისგან დაკომპლექტებულ მსოფლიო თასის სიმბოლურში მოხვედრაზე

"არაერთხელ აღმინიშნავს და სულ მითქვამს, რომ ასეთი აღიარებები ძალიან დიდი პატივია. ისეთი მორაგბეების გვერდით დამაყენეს და კიდევ ისეთები ვერ მოხვდნენ, რომ დასახელებაც კი მრცხვენია. ძალიან გამიხარდა და მადლობის მეტი რა მეთქმის."

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა