ლექსო ყაულაშვილი: „სიცრუეა, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში მსურდა თამაში“

ლექსო ყაულაშვილი: „სიცრუეა, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში მსურდა თამაში“

ლექსო ყაულაშვილი და „ბორდო“ მშვენიერ სეზონს ატარებდნენ, სანამ კორონავირუსი არ გამოჩნდა და სარაგბო ტურნირები გაურკვეველი დროით შეაჩერა. ჟირონდული კლუბი ტოპ 14-ს დამაჯერებლად ლიდერობს და ჩელენჯ თასზეც პლეიო-ოფში გავიდა, თუმცა ახლა აღარავინ იცის, თუ როდის განახლდება სეზონი, ან საერთოდ თუ განახლდება. 

ქართველი ბურჯი „ბორდოს“ 2018 წლის ზაფხულში „ლა როშელიდან“ შეუერთდა, ჟირონდული კარიერა კარგად დაიწყო და ხშირად უწევდა თამაში, თუმცა 20 ოქტომბერს ჩელენჯ თასზე „პერპინიანთან“ მატჩის მე-2 წუთზე კისრის უმძიმესი ტრავმა მიიღო, უმალ ოპერაცია ჩაუტარდა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. ლექსო წელს კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდა, ვიდრე ტრავმამდე იყო. შესანიშნავ ფორმაშია და 18 მატჩში 3 ლელოს გატანაც მოახერხა.

ყაულაშვილი 2013 წელს „ლა როშელში“ გამოჩნდა, სადაც 5 სეზონი გაატარა, 80 შეხვედრა ჩაატარა და 4 ლელო გაიტანა, 2018 წელს კი კლუბის შეცვლა გადაწყვიტა და „ბორდოს“ მიაშურა, რომლის კვართიც დღემდე 26-ჯერ მოირგო და მეტოქეთა ლელო 4-ჯერ აიღო.

მიუხედავად წარმატებული საკლუბო კარიერისა, ლექსოს საქართველოს ნაკრების კვართით კვლავაც არ უთამაშია, რაც გულშემატკივრებში დიდ კითხვის ნიშნებს და ინტერესს იწვევს. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ ყაულაშვილმა თავად თქვა უარი „ბორჯღალოსნებში“ თამაშზე, რადგან საფრანგეთის ნაკრებში თამაში სურდა.

Myrugby.Ge „ბორდოს“ ბურჯს საფრანგეთში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ლექსომ ყველა კითხვას გულახდილად უპასუხა, მათ შორის იმ კითხვას, რომელიც ქართველ ქომაგს ყველაზე მეტად აინტერესდებდა. ყაულაშვილის თქმით, მისი სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშია, ხოლო ის, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში თამაში სურდა, სიცრუეა და უცნობი წყაროს მიერ, ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. 

- წელს "ბორდო" ბრწყინვალე ფორმაშია. ტოპ 14-ში პირველ ადგილზე ხართ, ჩელენჯ თასზე - მეოთხედფინალში. რის ხარჯზე მოახერხეთ ასეთი შედეგების ჩვენება?

- ეს პირველ რიგში დისციპლინის ხარჯზე მოხდა და რა თქმა უნდა ყოველი გუნდის წევრის მონდომებით, რაც განაპირობა მენეჯერის კრიტოფ ურიოსის ძალისხმევით, კარგი სტაფის ჩამოყალიბებამ. ჩვენც უფრო მოვინდომეთ და ბევრად სერიოზულად მივუდექით საქმეს.

- და ასეთ დროს, როდესაც ასეთი კარგი შედეგები გაქვთ, კორონავირუსი გამოჩნდა. 29000-ზე მეტი შემთხვევა და 1600 ადამიანზე მეტი დაღუპული საფრანგეთში. იწერება, რომ შეიძლება საერთოდ ვეღარ განახლდეს სეზონი. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ გუნდში? რა არის მოლოდინი და რა ინფორმაციაა ამ მხრივ, ტოპ 14-ის განახლება/არ განახლებაზე?

- დიახ, ამ ვირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა მთელ მსოფლიოს, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სპორტული ჩემპიონატი, ასევე ტოპ 14 შეჩერდა. დიახ, ვერსიები ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ამ ვირუსზე, იმედია მალე ჩაივლის და განვაახლებთ სეზონს. ჩვენც დაზუსტებული ინფორმაციის მოლოდინში ვართ, მანამდე ყველა მოთამაშე ინდივიდუალურად ვარჯიშობს სახლში, რათა ფორმა შევინარჩუნოთ.

- ლექსო, "ლა როშელიდან" "ბორდოში" შარშან გადახვედი და სეზონი ძალიან კარგად დაიწყე, თუმცა შემდეგ იყო მძიმე ტრავმა და სეზონის ნაადრევად დასრულება. რამდენად რთული იყო ამდენი ხნით უქმობა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ახალ გუნდში სულ რამდენივე თვის გადასული იყავი?

- დიახ, რთული იყო, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, თან უკვე მესამე ოპერაცია იყო, მათ შორის კისერზე მეორე და ეს უფრო ართულებდა ყველაფერს, მაგრამ ოპერაცია რომ დაიგეგმა, ექიმმა დამაიმედა, რომ შევძლებდი საქმიანობის განახლებას, ოპერაციის შემდეგ მომიწია უმოძრაოდ ყოფნა 6 კვირის განმავლობაში და ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი.

მაგრამ, მთავარი ის იყო, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მალევე დავიწყე რეაბილიტაცია, ვიყავი სერიოზული კონტროლის ქვეშ ქირურგის მხრიდან, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესოა თავის საქმეში(დოქტორი პიერ ბერნარი) სამივე ოპერაცია მან გამიკეთა.

გავიარე შემდეგ რთული ხუთთვიანი რეაბილიტაცია და ბოლო კონტროლი მქონდა მარტში. კონტროლის დროს ამიხსნეს ყველაფერი, რომ ორი ოპერაცია კისერზე არის რთული და იშვიათი შემთხვევა.

არ ყოფილა ჯერ პრაქტიკაში, რომ გაეგრძელებინა სპორტსმენს თამაში ასეთი ოპერაციების შემდეგ, მაგრამ ამავდროულად იმედი მომცა იმის, რომ კისერი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ოპერაციამდე იქნებოდა. მეც გადაწყვეტილების მისაღებად წუთიც არ დამჭირებია (იცინის). ასე რომ, ვარ პირველი მოთამაშე, ვინც კისერზე ორი ოპერაციით აგრძელებს თამაშს.

- და დაბრუნდი ძალიან კარგად, ფიზიკურად ბრწყინვალე ფორმაში ხარ, არც ლელოების დადებაზე არ ამბობ უარს და წელს 3 ლელოს დადება შეძელი. თუმცა, ტოპ 14-ში უმეტესად შეცვლიდან თამაშობ ხოლმე. რატომ ხდება ხოლმე ასე? მწვრთნელი ტაქტიკა და ჩანაფიქრია, შენი მეორე ტაიმში შემოსვლა?

- დიახ, მემგონი ასეთ ფორმაში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. რაც შეეხება შეცვლაზე თამაშს, პასუხი ტაქტიკაა ვფიქრობ, რადგანაც მწვრთნელთან ორ კვირაში ერთხელ გვაქვს შეხვედრა, აზრს ვცვლით და გვეუბნება თუ რა არის გამოსასწორებელი და რა არა.

მეც იმას მეუბნება, რომ მოსწონს ჩემი შეცვლიდან შესვლა და ასეთი ტაქტიკაა.

- "ბორდოში" არაერთი ვარსკვლავია: კორდერო, რადრადრა, ტამანივალუ, ჟალიბერი, პუარო და სხვა. რომელს გამოყოფდი, ვინ არის ისეთი მოთამაშე, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გაგაოცოს?

- დიახ, ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა და ძნელია გამოარჩიო რომელიმე, მაგრამ რადრადრამ და კორდერომ ყველაზე მეტად დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

- ოთხი ქართველი ხართ "ბორდოში". მათ შორის შენი ძმა, ლაშა ტაბიძესთან და ბექა გორგაძესთან ერთად. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი შენთვის და რა მხრივ ყველაზე მეტად?

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ოთხი ქართველი ვართ ერთად, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ჩემთვის ეს ყველაფერი დიდი მოტივაციაა და სულ სხვა გრძნობაა ჩემთვის, ჩემს ძმასთან ერთად რომ ვარ ამ გუნდში. ოპერაციის დროს ყველა გვერდში მედგა და დამეხმარნენ დაბრუნებაში.

- ლექსო, შენს ძმაზეც გკითხავ. ვიცით, რომ საბა ესპუარებში თამაშობს, როგორ მიდის მისი კარიერის განვითარება? როდის უნდა ველოდოთ მის დებიუტს ძირითად გუნდში?

- პირველი წელი ძნელი იყო მისთვის, ენის ბარიერის გამო და პლუს აქ სულ სხვა დონეა, უკვე პროფესიონალურ დონეზე მიდის ვარჯიშები, მაგრამ მალევე დაეწია ტემპს და ჩაჯდა გუნდში.

ძირითად გუნდში დებიუტზე რთულია ლაპრაკი, რადგანაც კონკურენცია დიდია, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებულია მის მონდომებაზე, რაც არ აკლია. ასე რომ, ყველაფერი ისევ მონდომების და დროის ფაქტორია.

- ლექსო მოდი ქართულ ამბებზე გადავიდეთ, რაც ძალიან აინტერესებს ყველას. დიდი ხანია შენს მიმართ დიდი ინტერესი არსებობს, თუ რატომ არ ხარ ნაკრებში. ითქვა ასეთი რამ, რომ დაგიძახეს და შენ თქვი უარი, ისიც ითქვა, რომ სხვა ქვეყნის ნაკრებში გსურდა თამაში. მოკლედ, ბევრი რამ თქმულა შენს ირგვლივ. რომ უთხრა გულშემატკივარს რა ხდება რეალურად და რომ მიმოფანტო ეს ჭორები.

- დიახ, ამ თემაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. კი, უარის თქმა მომიწია ბევრჯერ, მაგრამ სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშის სურვილი დიდი აბსურდია, რომელიც გავრცელდა ჩემთვის უცნობი გზით და გულშემატკივარმაც მხოლოდ ის იცის, რომ უარი ვთქვი და თამაში მინდა საფრანგეთის ნაკრებში - ეს გამოიწვია ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ.

არავის გაუხმაურებია ის მიზეზები რის გამოც მომიწია უარის თქმა ნაკრებზე ( "ა" ნაკრებზე ). პირველი ორჯერ მომიწია უარის თქმა გუნდის მწვრთნელის  გამო, ახალი ამოსული ვიყავი ესპუარებიდან პრო დ2-ში, დავიწყე თამაშები და გუნდში ინტეგრაცია, შემდეგ მირეკავენ პირდაპირ მე და მეძახიან "ა" ნაკრებში. მწვრთნელს რომ ვუთხარი, პირდაპირ მითხრა რომ არ მიშვებდა, თან ახალი ამოსული ვიყავი ძირითად გუნდში და ნელ-ნელა ვიმაღლებდი ჩემს დონეს. მეც ჩავთვალე, რომ არ იყო ჩემთვის პრიორიტეტილი "ა" ნაკრებში თამაში იმ მომენტისთვის.

შემდეგ წელს უკვე ტოპ 14 ამოვედით და მომიწია ჯამში 26 თამაში ორივე პოზიციაზე (1 და 3 ნომრებზე), ამ დროსაც მომიწია უარის თქმა კვლავ "ა" ნაკრებზე, რადგანაც მწვრთნელისგან პასუხი მივიღე , თუ წახვალ ნაკრებში ძირითად გუნდში აღარ მოგიწევს თამაში, აღარ იქნები პრიორიტეტული გუნდისთვის.

შემდეგი უარი კი განაპირობა ოპერაციებმა - წელზე 2016 წელს, კისერზე 2017 წელს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა, თუ როგორ ჩაიარა ოპერაციამ და როგორ დავბრუნდებოდი, მაგრამ საქართველოში გაავრცელეს მხოლოდ ის პასუხი, რომ უარი ვთქვი და რის გამო რატომღაც არავის აინტერესებს.

ბოლოს იყო ინტერვიუ საქართველოში და სათაური დააწერეს “საფრანგეთის ნაკრებზე უარს არ ვიტყვი”. მათაც ამ ინტერვიუში განვუმარტე ეს ყველაფერი თუ რატომ ვთქვი უარი და არასდროს მიფიქრია საფრანგეთის ნაკრებზე, ასევე ვუთხარი რომ: "თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე თამაში მინდა საფრანგეთის ნაკრებში ცდებით, ისინიც ისეთივე უარს მიიღებდნენ იმ დროს, რადგანაც პირველი ორი წელი პრიორიტეტული იყო გუნდში თამაში და პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება".

მაგრამ მეორე დღეს აეროპორტში ვყიდულობ ჟურნალს და სათაური აწერია "საფრანგეთის ნაკრებზე უარს არ ვიტყვი" - ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ამანაც შეუწყო ხელი.

შემდეგ ბორდოში ჩემი ტრავმიდან დაბრუნების დროს ჩამოვიდა მილტონ ჰეიგი, რომელსაც გამარჯობის გარდა, ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც უკითხავს არაფერი ნაკრებთან დაკავშირებით ურთიერთობაზე.

შემდეგ, ჩამოვდივარ ზაფხულში საქართველოში დასვენების პერიოდში და მირეკავენ, რომ ესაჭიროებათ მარჯვენა ბურჯი და თუ მინდოდა თამაში საქართველო-xv ში უნდა ჩავსულიყავი ქუთაისში და მომზადება დამეწყო ერთი კვირით ადრე თამაშისთვის. პასუხი უარი იყო, რადგანაც ჯერ სრულყოფილად ვარჯიშიც არ მქონდა დაწყებული. ფორმაში რომც ვყოფილიყავი უარს ვიტყოდი ისევ საქართველო xv ზე.

ამ ყველაფერს ბევრი დააბრალებს ცუდ კომუნიკაციას, მაგრამ მხოლოდ უარი ახსოვთ მიზეზი კი არ აინტერესებთ.

- ლექსო, რომ დავუზუსტოთ მკითხველს, ანუ შენ გამოძახება რამდენჯერმე მიიღე მხოლოდ "ა" ნაკრებში და ეროვნულ ნაკრებში არ ყოფილა გამოძახების შემთხვევა?

- დიახ, მხოლოდ "ა" ნაკრებში და არასდროს არ ყოფილა ეს ოფიციალური გამოძახება. არასდროს დაურეკავთ ან მიუწერიათ  გუნდის მენეჯერთან.

- ახსენე, რომ მილტონ ჰეიგი იყო ჩამოსული ბორდოში, თუმცა მისგან კონკრეტული ვერაფერი მოისმინე. რისთვის იყო ჩამოსული, რას ემსახურებოდა ეს ვიზიტი?

- კი, ჩამოსული იყო ბექა და ლაშასთან, რომლებიც ნაკრების მოქმედი მოთამაშეები არიან.

- ანუ ეს ჩამოსვლა, შენს ამბავს არ ემსახურებოდა

- არა, არა. ჩემთან არანაირ კავშირში არ იყო.

- ლექსო, ამ რაგბი ევროპაზე გამოძახება რომ ყოფილიყო ნაკრებში, შენი პოზიცია როგორი იქნებოდა?

- გამოძახება პირველ რიგში უნდა ყოფილიყო ოფიციალური, შემდეგ კი გავითვალისწინებდი მწვრთნელის აზრს და ამის შემდეგ, ალბათ დავთანხმდებოდი. მაგრამ, შემოთავაზება არ ყოფილა და ახლა ძნელია თქმა.

- ლექსო, ხშირად ახსენებ კლუბების მწვრთნელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგიონერებისთვის ნაკრებში წასვლა მთლად იოლი არაა? არის ამაზე შეზღუდვა?

- რა თქმა უნდა მწვრთნელს გააჩნია, ყველა არაა მასე. მეორე ისაა, რომ გუნდში ტრავმები იყო ბოლოს პირველ ნომერზე, პლუს პუარო ნაკრებში იყო წასული. ასე რომ, ამ დროს გუნდის და მწვრთნელის აზრი გასათვალისწინებელია

- ლექსო, შენი სამომავლო მიზნები როგორია "ბორდოში" და ნაკრებში? როგორ ფიქრობ, როდისთვის შეიძლება გიხილოთ ეროვნული ნაკრების კვართით

- ჩემი მიზნები ამ დროისთვის ფორმის შენარჩუნებაა და ვირუსისგან თავის დაცვა (იცინის).  რაც შეეხება ნაკრებს, ეგ მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული. ასე რომ, ძნელია წინასწარ ლაპარაკი.

- მაგრამ შენი სურვილი არის ნაკრებში თამაში?

- რა თქმა უნდა! ისევე, როგორც ყველა ქართველ მორაგბის!

- და ბოლოს, შენი მესიჯი რა იქნება ქართველი გულშემატკივრების მიმართ?

- ნუ დაუჯერებენ ცრუ ინფორმაციას, ასევე ვუსურვებ ყველას წარმატებას და რაც მთავარია ჯანმრთელობას, #დარჩისახლში.

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ