გაჯიევი: "საქართველოში, რუსეთთან მატჩზე ბევრი ისეთი ადამიანი მოდის, ვისაც რაგბი არ უყვარს"

გაჯიევი: "საქართველოში, რუსეთთან მატჩზე ბევრი ისეთი ადამიანი მოდის, ვისაც რაგბი არ უყვარს"

რუსულენოვანმა სარაგბო პორტალმა Rugger.info-მ, რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ტაგირ გაჯიევის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ იკითხება.

25 წლის მესამეხაზელმა, რომელიც რუსეთის 2019 წლის საუკეთესო მორაგბედ იქნა დასახელებული არაერთ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის: განვლილ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოსთან გადადებულ მატჩზე და "კლერმონში" ჩაშლილ ტრანსფერზე.

გაჯიევმა აღნიშნა, რომ მსოფლიო თასზე თამაშიც კი არ აძლევდა იმდენ ემოციას და ენერგიას, რამდენიც თბილისში შექმნილი ატმოსფერო. მისი თქმით, მსოფლიო თასზე ქომაგთა უმრავლესობა ნეიტრალურია, ხოლო საქართველოში 50000 გულშემატკივარი მათ წინააღმდეგ უსტვენს და ყელის ჩახლეჩვამდე ყვირის. ტაგირის სურვილია, რომ სპორტი პოლიტიკისგან ყოველთვის განცალკევებული იყოს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც რაგბის გულშემატკივარი არაა და კონკრეტულად რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მოდის, ხოლო სხვა მატჩებზე არ დადიან. 

- როგორი იყო ესპანეთთან და ბელგიასთან მატჩების ყურება ტრიბუნიდან?

- ძვლივს მოვითმინე, ძალიან რთული იყო. ესპანეთთან მატჩში პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობდი, რომ მეორე ტაიმში მათ ვაჯობებდით, მაგრამ მეორე ნახევარში უარესად ვითამაშეთ და შედეგიც ვიცით. ამას დაღლილობას არ ვუკავშირებ, ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტი გახლდათ. ზოგიერთ მომენტში ტაქტიკურად არასწორად ვთამაშობდით და შესაბამისად, წავაგეთ. 

ბელგიას აქამდე ყოველთვის ცალი ფეხით ვუგებდით, ჩვენ ვიყავით ცოტათი თავდაჯერებულები და მეტოქისთვის მეტი პატივი უნდა გვეცა. მათ ძალიან აგრესიულად, სწორად გვეთამაშეს და მიაღწიეს იმას, რაც სურდათ. მათ ითამაშეს აგრესიული რაგბი, რისთვისაც მზად არ ვიყავით. 

- საქართველოსთან მატჩისთვის, თქვენ უკვე თბილისში იყავით ჩასულები, თუმცა მატჩი არ შედგა.

- ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში პირველად მოხდა. დიახ, მატჩი გაუქმდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ რაგბი ევროპაზე ტრავმის გამო ბევრი არ მითამაშია, შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი ტურნირი ყველაზე უჩვეულო  გამოვიდა: დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგები, ესპანეთს კვლავ ჰქონდა მოთამაშეების ნატურალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები და ბოლო ტურში, კორონავირუსის გამო, ყველა მატჩი ჩაიშალა. 

- კორონავირუსის გამო, ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმებულია. თქვენი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა? 

- ვფიქრობ, რომ უმჯობესია ასე არ მომხდარიყო. მოთამაშეები ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ მომზადებისთვის, ტურნირები კი აისბერგის მწვერვალია. როდესაც უქმდება გათამაშება, სადაც შენ გაქვს შანსი დაამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. ვეთანხმები იმას, რომ ასეთ დროს არ უნდა მოხდეს მაყურებლის დაშვება, მაგრამ თამაშები და ტურნირები უნდა ტარდებოდეს. მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა საქართველოსთან შეხვედრა ჩატარებულიყო, მაგრამ ცარიელი ტრიბუნების ფონზე. 

რისკი ყოველთვის არსებობს და ვირუსისგან დაცული არავინაა, მაგრამ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ქუჩაში ან საზოგადოებრივ ადგილებში, იქ არანაკლები რისკია, ვიდრე მოედანზე. საქართველოსთან მატჩი საინტერესო იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ბევრად საინტერესო იქნებოდა სავსე სტადიონზე მომხდარიყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ გუნდთან თამაში, ყოველთვის კარგი გამოცდილებაა. 

2017 წელს მე ვითამაშე თბილისში. მსოფლიო თასზე თამაშის დროსაც კი არ ვიღებდი იმდენ ენერგიას და ემოციას, რამდენიც თბილისში მივიღე. დიახ, ისინი ყვირიან, ყვირიან ჩვენს წინააღმდეგ, თუმცა ეს ხელს გიწყობს, რომ უკეთ ითამაშო. მსოფლიო თასზე ნეიტრალური გულშემატკივრები არიან, რომლებიც ორივე გუნდს უჭერენ მხარს, ხოლო თბილისში სტადიონზე არის 50000 გულშემატკივარი, რომლებიც ჩვენ გვისტვენენ, ყელის ჩახლეჩამდე გვიყვირიან. 

მსურს, რომ სპორტი ყოველთვის განცალკევებული იყოს პოლიტიკისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელიც რაგბის გულშემატკივარი არაა, მაგრამ, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ მოდიან სტადიონზე. ისინი სხვა მატჩებზე არ დადიან. 

- "კლერმონში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყავით, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა და "ვევეა პადმასკოვიეში" აღმოჩნდით. რა მოხდა?

- "კლერმონთან" პრაქტიკულად შეთანხმებული ვიყავი, მონაცემებიც გადაგზავნილი მქონდა კონტრაქტის გასაფორმებლად, მაგრამ მათ არჩევანი ჰქონდათ ჩემსა და ახალზელანდიელ მორაგბეს შორის. მათ მითხრეს, რომ სჭირდებოდათ ისეთი მოთამაშე, რომელიც ორ პოზიციას დაფარავდა. იქიდან გამომდინარე, რომ 2016 წლის შემდეგ მეორე ხაზში აღარ მითამაშია, ვუთხარი, რომ მეორე ხაზში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვითამაშებდი, როგორც ეს მსოფლიო თასზე მოხდა, როდესაც მეორეხაზელი ჩავანაცვლე. ვთქვი, რომ მეორე ხაზი ჩემი პოზიცია არ არის, თამაში მხოლოდ მესამე ხაზში შემიძლია და მათ არჩევანი სხვა მორაგბეზე გააკეთეს.  

იცით, უცხოური, განსაკუთრებით კი, ევროპული კლუბები ძალიან სპეციფიური არიან. მათთვის არაფერია ერთ დღეს რაღაცის თქმა, დაპირება და მეორე დღეს ამის დავიწყება. არის წინადადებები, რომელსაც განვიხილავ, ჯერჯერობით კი "ვევეა პადმასკოვიეში" ვარ. 

- რა შეიცვალა თქვენთვის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ?

- რაგბის საკმაოდ შიგნიდან შევხედე, უკეთ გავიგე თამაში. მაგრამ, უშუალოდ ცხოვრებაში ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე დიდად შეიცვალა. დიახ, მე ვაცნობიერებ, რომ 2019 წელს გავხდი რუსეთის საუკეთესო მორაგბე, მაგრამ ეს უკვე წარსულია. არიან ადამიანები, რომლებიც მწერენ მთელი მსოფლიოდან, მაგალითად ირლანდიიდან, საკმაოდ ბევრნი. ეს ძალიან მიხარია, რადგან ვიღაც აფასებს ჩემს საქმიანობას. 

- ალბათ არსებობს სურვილი და ფიქრი იმაზე, რომ "ვევეა პადმასკოვიემ" ქვეყნის უძლიერესი გუნდის სტატუსი დაიბრუნოს? (ეს კლუბი უკანასკნელად 2010 წელს გახდა რუსეთის ჩემპიონი - ავტ.)

- დროა, რომ კლუბმა მისი დიდება დაიბრუნოს. ჩემპიონატი ძალიან საინტერესო იქნება. ადრე სეზონში რამდენიმე რთული მატჩი იმართებოდა, ახლა ასე აღარ იქნება. ეს ყველაფერი მახალისებს. როდესაც კონკურენცია არსებობს, მაშინ ყველაფერი მზარდია. 

გაჯიევს რუსეთის ნაკრებში 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 6 ლელოს გატანა მოახერხა. მან 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე მატჩში სრულად ითამაშა. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა