რომელი სარაგბო ტურნირები გადაიდო და კიდევ რომელს ემუქრება საფრთხე?

რომელი სარაგბო ტურნირები გადაიდო და კიდევ რომელს ემუქრება საფრთხე?

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო, ყველა მიმდინარე სარაგბო ტურნირი გადაიდო. 

გადაიდო ის ტურნირებიც, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა ჩატარებულიყო და ასევე, საფრთხეშია კიდევ რამდენიმე ტურნირი, რომელთაგან ნაწილის გადადება (მაგ. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი) ფაქტობრივად გარდაუვალია, ხოლო ნაწილთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გადაწყდება. 

გაგაცნობთ ყველა ტურნირის შესახებ არსებულ ინფორმაციას:

საკლუბო პირველობები

დიდი 10

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის 12 მარტის გადაწყვეტილებით, ყველა შიდა პირველობა მინიმუმ 1 აპრილამდე გადაიდო.

პრო 14 

როგორც მოგეხსენებათ, პრო 14 საერთაშორისო ტურნირი გახლავთ, რომელშიც სამხრეთ აფრიკული, ირლანდიური, უელსური, იტალიური და შოტლანდიური კლუბები ასპარეზობენ. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების შანსი კიდევ უფრო იზრდება. ტურნირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პრო 14 განუსაზღვრელი ვადით შეწყდა.

პრემიერშიპი

ინგლისის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 16 მარტიდან ყველა შიდა ჩემპიონატი ხუთი კვირით იქნა გადადებული.

ტოპ 14 და პრო დ2

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბერნარდ ლაპორტის გადაწყვეტილებით, ტოპ 14, პრო დ2 და ქვედა დივიზიონები 30 აპრილამდე იქნა შეჩერებული.

სუპერ რაგბი

გასულ უიქენდზე ერთი მატჩის გარდა, სუპერ რაგბის ყველა მატჩი ჩატარდა, თუმცა მას შემდგომ, რაც ახალ ზელანდიაში მდგომარეობა გართულდა და ქვეყნის ხელისუფლებამ მათ საზღვრებში შემოსულ ყველა ადამიანს ორკვირიანი კარანტინი დაუწერა, "სანზაარმა" ტურნირი დაუდგენელი ვადით შეწყდა და ჯერჯერობით არ იციან, თუ რა ბედი ეწევა სუპერ რაგბის წლევანდელ სეზონს.

ამერიკის ჩემპიონატი

12 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ტურნირი 5 კვირა შეჩერდებოდა, თუმცა გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ალბათობით, წლევანდელი სეზონი საერთოდ აღარ გაგრძელდება და 2021 წლამდე შეჩერდება. America Rugby News ოფიციალურ დონეზე ამ ინფორმაციის დადასტურებას უახლოეს დღეებში ელის.

ჩემპიონთა და ჩელენჯ თასები

ევროთასების 3-5 აპრილს გასამართი რვავე მეოთხედფინალური დაპირისპირება გადადებულია და როდის მოხდება მათი ჩატარება ჯერჯერობით უცნობია.

იაპონიის ჩემპიონატი

კოკაინის სკანდალის გამო, იაპონიის ჩემპიონატი მარტის ბოლომდე ისედაც შეჩერებული იყო (იხილეთ ბმული), რასაც კორონავირუსის საფრთე დაემატა და თუ როდის განახლდება ტოპ ლიგა, ჯერ არ იციან.

რუსეთის ჩემპიონატი

20 აპრილამდე ყველა შიდა ტურნირის დაწყება გადაიდო. 

რუმინეთის ჩემპიონატი

16 მარტის გადაწყვეტილებით, ყველა შიდა ჩემპიონატი მინიმუმ 30 დღით გადაიდო, დანარჩენი კი შემდგომი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

ესპანეთის ჩემპიონატი

ესპანეთის რაგბის კავშირმა 13 მარტს ყველა შიდა პირველობა 15 აპრილამდე შეაჩერა. 

გლობალ რაპიდ რაგბი 

2020 წლის სეზონი შეჩერებულია, თუმცა როდის განახლდება ჩემპიონატი დამოკიდებულია შემდგომ მოვლენებზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელება/შეჩერებას ეხება. იმასაც გეტყვით, რომ ეს ტურნირი 2019 წელს შეიქმნა და მასში 6 გუნდი იღებს მონაწილეობას: ავსტრალიური, ფიჯური, სამოური, მალაიზიური, ჩინური (ახალზელანდიაშია ბაზირებული) და ჰონგ კონგური. 

სანაკრებო 

6 ერი

6 ერის მეოთხე ტურის ერთი და მეხუთე ტურის ყველა შეხვედრა გადაიდო. სავარაუდოდ, ერთ-ერთი წამყვანი სარაგბო ტურნირის გამოტოვებული მატჩები ოქტომბერში გაიმართება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი

"რაგბი ევროპის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კორონავირუსის გამო, მათი ორგანიზებით გასამართი ყველა ტურნირის შეხვედრა 15 აპრილამდე გადადებულია. 

მათ შორისაა: რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის სამივე შეხვედრა, ქალთა რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც 22-28 მარტს პორტუგალიაში უნდა ჩატარებულიყო, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც 12-18 აპრილს უნდა ჩატარებულიყო და 18-წლამდელების განვითარებადი ნაკრებების მატჩები სერბეთში და ჩეხეთში.

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი

ფრანგული გამოცემა lexvdedepart.com წერს, რომ 2020 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გაუქმდება გადაწყვეტილი ამბავია.

ზემოხსენებული ტურნირი იტალიაში 28 ივნისს უნდა დაწყებული და 18 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს აღარ მოხდება და როგორც იწერება, "მსოფლიო რაგბი" ამ ცნობას სულ მალე ოფიციალურად დაადასტურებს.

7-კაცა

კორონავირუსის გამო ოქტომბერში გადაიდო სინგაპურის და ჰონგ კონგის სერიები, რომლებიც აპრილში უნდა ჩატარებულიყო. სავარაუდოდ, გადაიდება ლონდონის და პარიზის სერიებიც, რომლებიც მაისის ბოლოსაა ჩანიშნული. 

ივლისის ტესტები

არსებობს იმის შანსი, რომ ივლისის ტესტები საერთოდ ჩაიშალოს, ან მოხდეს მატჩების ნაწილის გაუქმდება. 

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბერნარდ ლაპორტის თქმით, საეჭვოა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების არგენტინული ტურნეს ჩატარება, რომელიც "ლე ბლეს" 4 და 11 ივლისს აქვს ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ ტოპ 14-ის წლევანდელი სეზონი განახლდება, ბუნებრივია, რომ მისი დასრულება გაიწელება ივლისამდე ვერ მოხერხდება, რაც ამ ტურნეს დიდ პრობლემას შეუქმნის.

"ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი და "მსოფლიო რაგბისთან" ამ საკითხს განვიხილავთ, თუმცა არ ვიცი, როგორ შევძლებთ წასვლას არგენტინაში ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ", - განაცხადა ლაპორტმა. 

საქართველოს ნაკრებს ივლისში სამხრეთ აფრიკული ტურნე აქვს ჩანიშნული: "ბულზთან", სამხრეთ აფრიკის "ა" და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებებთან მატჩები. ჯერჯერობით, ეს მატჩები კვლავ ძალაშია, თუმცა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის თავმჯდომარის ჯური რუს თქმით, ივლისის ტესტების და ქარის თასის საკითხზე აპრილში იმსჯელებენ და გამორიცხული არაა, რომ გადაწყვეტილება შეცვლილი იქნას. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სუპერ რაგბის სეზონის გაგრძელდებასთან დაკავშირებით და როგორ დაგეგმავენ ტურნირის დარჩენილ ნაწილს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკას საქართველოსთან მატჩი 18 ივლისს აქვს ჩანიშნული, იქამდე კი შოტლანდიას ორჯერ (4 და 11 ივლისს) უნდა უმასპინძლოს.

აფრიკის თასი

2019-2020 წლების სეზონის ქალთა და კაცთა აფრიკის თასი 30 მაისს უნდა განახლებულიყო, თუმცა "რაგბი აფრიკის" მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ტურნირი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, ისევე როგორც, აფრიკის თასის 20-წლამდელთა გათამაშება, რომელიც 19 აპრილს უნდა დაწყებულიყო. 

რაგბი ჩემპიონშიპი (4 ერი)

ტურნირი აგვისტოს შუაში იწყება და შესაბამისად, მასზე ჯერჯერობით არაფერი არ თქმულა. 

კომენტარები

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად
"ანგულემის" გულშემატკივრებმა შალვა სუთიაშვილი აღიარეს