საქართველო მსოფლიო თასს უძლიერესი უელსის წინააღმდეგ იწყებს [პრევიუ]

საქართველო მსოფლიო თასს უძლიერესი უელსის წინააღმდეგ იწყებს [პრევიუ]

მსოფლიო თასის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება. 

შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია. ქართველი გულშემატკივარი ამ შეხვედრას ორი წლის განმავლობაში ელოდა და "ბორჯღალოსნებისგან" დიდი ბრძოლის მოლოდინშია.

საქართველო

საქართველოს ნაკრები წლებია, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და გამონაკლისი მხოლოდ 2017 წელი იყო, როდესაც ბუქარესტში რუმინეთთან 7:8 წავაგეთ. სხვათა შორის, სწორედ ეს შეხვედრა იყო ბოლო მამუკა გორგოძისთვის, რომლის შემდეგაც ქართული რაგბის ლეგენდამ სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი გიორგი ცუცუქირიძის ტრავმის შემდეგ, მამუკამ მრავალი ადამიანის (მორაგბეების, რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის) თხოვნა გაითვალისწინა და "ბორჯღალოსნებს" დაუბრუნდა. შესაბამისად, გორგოძე ორწლინახევრის შემდეგ, მშობლიური ქვეყნის კვართით პირველად იასპარეზებს.

რაგბი ევროპაზე საუბარი რომ განვაგრძოთ, აშკარაა, რომ "ბორჯღალოსნები" ამ ტურნირისთვის გადაიზარდნენ და მას შემდგომ, რაც 2015 წელს ნაკრებმა მსოფლიო თასის ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და იაპონიის საგზური პირდაპირ მოიპოვა, მილტონ ჰეიგს საშუალება მიეცა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა მოთამაშეები გამოეცადა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე უმეტესად საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდა, თუმცა პრობლემები თითქმის არ შექმნია, გამონაკლისი კი ზემოთ უკვე ვახსენეთ.

ფაქტია, რომ საქართველოს განვითარებისთვის მეტი მაღალი დონის მატჩი და უფრო მაღალი დონის ტურნირში ჩართვა სჭირდება, თუმცა 6 ერის კარი სამწუხაროდ კვლავ დახურულია, ხოლო მეტი ალტერნატივა ამ მომენტისთვის არ ჩანს. შესაბამისად, ჩვენს ნაკრებს ტიერ 1-ის ქვეყნებთან თამაში წელიწადში ერთხელ ან კარგ შემთხვევაში ორჯერ ტესტ-მატჩებში უწევს. ეს ცოტაა, თუმცა ამ მომენტისთვის სხვა გამოსავალი არაა და ამით გვიწევს დაკმაყოფილება. შესაბამისად, როდესაც პირველი დონის გუნდს ვეთამაშებით, უმაღლესი დონის მატჩების ნაკლებობა აშკარად გვეტყობა, რადგან სულ სხვაა ესპანეთთან, რუსეთთან და რუმინეთთან (აღარაფერს ვამბობთ გერმანიაზე და ბელგიაზე) თამაში და სულ სხვა ნებისმიერ პირველი ეშელონის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა, რომლებიც სულ სხვა ტემპით და ინტენსიობით თამაშობენ, უსწრაფესად შლიან თამაშს, სწრაფად წევენ ხაზს, სწრაფად ასუფთავებენ რაქებს, მუდმივ წნეხში ჰყავთ მოწინააღმდეგე, ფეხით ზურგს უკან ტაქტიკური დატყმებით ძალიან ავიწროებენ მეტოქის ფულბექს ( როგორც ეს თბილისში შოტლანდიის ნაკრებმა გაგვიკეთა) და ა.შ. რასაკვირველია, ასეთი მატჩებისგან ბევრს ვსწავლობთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ წელიწადში მხოლოდ 1-2 თამაშით პროგრესი ძალზე რთულია.

მსოფლიო თასის მოსამზადებელი ტესტები ამ მხრივ ჩვენი გუნდისთვის გამონაკლისი და გამორჩეული იყო. "საუზერნ კინგსთან" მოგებული მატჩის შემდეგ, შოტლანდიასთან ჯერ შინ ვითამაშეთ "დინამო არენაზე" და შემდეგ ედინბურგში, "მარიფილდზე". მართალია, ორივე შეხვედრა უშანსოდ დავთმეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ თამაშებისგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლებოდა. პირველ რიგში კი, საკუთარი სუსტი წერტილების დანახვა, რომლის გამოსწორებისთვისაც ჩვენს გუნდს ორ კვირაზე მეტი ჰქონდა უელსთან მატჩამდე. 

განაცხადში მყოფ 31 მოთამაშეთაგან, უელსთან თამაშს მხოლოდ კაპიტანი მერაბ შარიქაძე ვერ შეძლებს, რომელმაც 27 აგვისტოს მიღებული ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა და შესაბამიად, ექიმებმა აღარ გარისკეს. სხვა მხრივ, "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ოპტიმალურია. პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი გაირჯებიან, მეორე ხაზს კონსტანტინე მიქაუტაძის და გიორგი ნემსაძის გამოცდილი დუეტი გაამაგრებს, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილი, მამუკა გორგოძე და ბექა გორგაძე გაირჯებიან. რაც შეეხება უკანახაზს, ღერძზე ვასილ ლობჟანიძის და თედო აბჟანდაძის დუეტი ითამაშებს, ფრთებზე გიორგი კვესელაძე და მირიან მოდებაძე არიან გამწესებულნი, შუამარბებად თამაზ მჭედლიძეს და დავით კაჭარავას ვიხილავთ, ხოლო ფულბექი სოსო მათიაშვილია. თადარიგში აღსანიშნავია, ჯაბა ბრეგვაძის გამოჩენა, რომელსაც ტრავმის გამო მოსამზადებელ მატჩებში არ უთამაშია. ასევე საინტერესოა, რომ მარქაფაში ხუთის ნაცვლად, ექვსი მორკინალი იმყოფება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი გუნდი ძალისმიერ თამაშს აპირებს და მეორე ტაიმში შერკინების მაქსიმალურად გაძლიერებაა განზრახული.

უკანა ხაზი

15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი(კაპ), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა საღინაძე, 21. ოთარ გიორგაძე, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა ხმალაძე.

უელსი

უელსის ნაკრებზე ახალს ვერაფერს ვიტყვით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული სარაგბო ქვეყანა, სადაც რაგბიზე ჭკუა ეკეტებათ. 6 ერის მოქმედი გამარჯვებული, თანაც დიდი სლემით და სწორედ "დრაკონებმა" მოახერხეს ახალი ზელანდიის თითქმის ათწლიანი დომინირების დასრულება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში.

მოსამზადებელ მატჩებს რაც შეეხება, უელსს აქ უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო. უორენ გეთლანდის შეგირდებმა შინ ინგლისს 13:6 სძლიეს და სწორედ ამ მატჩის შემდეგ გალიდერდა უელსი "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში, რაც ისტორიაში პირველად მოხდა, თუმცა "დრაკონებმა" წააგეს სტუმრად იმავე ინგლისთან (19:33), შემდეგ კი შინ და გასვლაზე ირლანდიასთან ორჯერ დამარცხდნენ.

უელსელებს როგორც წესით, მსოფლიო თასების წინ ლაზარეთი ევსებათ ხოლმე და გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. გუნდს ორი წამყვანი მორაგბე გამოაკლდა: მგეზავი გარეთ ენსკომბი და რვა ნომერი ტაულუპე ფალეტაუ, რომლებიც მსოფლიო თასს გამოტოვებენ. იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც მსოფლიო თასზე იმყოფებიან, უორენ გეთლანდს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს შერჩეული და რასაკვირველია, პირველივე მატჩში ბონუსით მოგებას უმიზნებენ, მითუმეტეს, რომ მათმა უშუალო კონკურენტმა ავსტრალიამ ფიჯისთან ამის გაკეთება მოახერხა. 

ლიამ უილიამსი, ჯორჯ ნორსი, დენ ბიგარი, ჯასტინ ტიპურიკი, ლეგენდარული ალან უინ ჯონსი... რომელი ერთი ვთქვათ, "დრაკონებს" სუპერ შემადგენლობა ჰყავთ და თადარიგშიც ისეთი დონის ვარსკვლავები ჰყავთ, როგორებიც არიან როს მორიანტი, აარონ შინგლერი და ლი ჰალფპენი.

უკანა ხაზი

15. ლიამ უილიამსი, 14. ჯორჯ ნორთი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჰედლი პარკსი, 11. ჯოშ ადამსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეთ დევისი; 

შერკინება

1. ვინ ჯოუნსი, 2. კენ ოუენსი, 3. ტომას ფრანცისი, 4. ჯეიკ ბოლი, 5. ალან ვინ ჯოუნსი(კაპ), 6. არონ უინვრაითი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. ჯოშ ნავიდი;

მარქაფა

16. ელიოტ დი, 17. ნიკი სმიტი, 18. დილონ ლევისი, 19. არონ შინგლერი, 20. როს მორიარტი, 21. ტომოს უილიამსი, 22. რის პატჩელი, 23. ლი ჰალფპენი;
  

ურთიერთშეხვედრები

უელსის და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვდნენ. 2017 წლის ნოემბრის ტესტებზე უელსი "ფრინსიფალითი სთედიუმზე" დაგვიხვდა და დიდი გაჭირვებით, 13:6 იმარჯვა. უკანასკნელ 10 წუთში ორჯერ ვიყავით მეტოქის 5-მეტრიანში. პირველად შერკინებაში ზედიზედ ორჯერ დავაჯარიმეთ და თითქოს ლელო მწიფდებოდა, რომ მესამე ჯერზე სოსო ბეკოშვილი შერკინებიდან წამოდგომისთვის დააჯარიმეს, ხოლო მეორე ჯერზე უელსელებს ბურჯი ტომას ფრანცისი გაუსინბინეს, ჩვენები 5-მეტრიანში შერკინების არჩევას და მიწოლით ბურთის ლელოში შეტენას გეგმავდნენ, რაც დიდი შანსია გამოსვლოდათ კიდეც, მაგრამ უელსელთა სამწვრთნელო შტაბმა ხრიკს მიმართა, მსაჯს აუწყეს, რომ შეცვლილი ბურჯი ტრავმირებული იყო და მინდორზე ვერ დაბრუნდებოდა, აქედან გამომდინარე, შერკინებაში მიწოლის უფლება აღარ გვქონდა და ცრუ შერკინებას ბურთის აუტში გადატანა ვარჩიეთ, იქიდან ჯერ მოლით შევუტიეთ, შემდეგ რამდენიმე ფაზა დავარტყით, მაგრამ ლელოდან ორ მეტრში ლაშა ლომიძე ჩავარდნის გამო დააჯარიმეს და ამით თამაშიც დასრულდა. 

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მაშინ უელსს გადახალისებული შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა ისიც საკმაოდ ძლიერი იყო და არაერთმა ძლიერმა მორაგბემ ითამაშა. მაგალითად: ლიამ უილიამსმა, რის ვებმა, ტაულუპე ფალეტაუმ, ბენ ბიგარმა და ა.შ. 

მსაჯები

შეხვედრის მთავარი მსაჯი ინგლისელი ლუკ პირსი იქნება, რომელსაც კიდეებიდან ახალ ზელანდიელი ბენ ო'კიფი და ინგლისელი მეთიუ ქარლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ასევე ინგლისელი როუან კითია.

სად ვუყუროთ?

უელსი - საქართველოს მატჩი ტოიოტაში ორშაბათს თბილისის დროით 14:15 საათზე გაიმართება და პირველი არხის ეთერში იხილავთ.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა