საქმეში ინგლისიც ერთვება: "წითელი ვარდები" ტონგას უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშებიან [პრევიუ]

საქმეში ინგლისიც ერთვება: "წითელი ვარდები" ტონგას უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშებიან  [პრევიუ]

მსოფლიო თასის C ჯგუფის პირველი ტურის მატჩში ერთმანეთს ინგლისის და ტონგის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ინგლისელთა ერთადერთი მიზანი ჯერ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, შემდგომ კი ჩემპიონობაა, ხოლო ტონგელებს გაცილებით მოკრძალებული მიზნები აქვთ, გამარჯვება აშშ-სთან და შემდგომ, ყველა დანარჩენ მეტოქესთან რაც შეიძლება ღირსეული თამაში.

ინგლისი

"წითელი ვარდები" ტურნირს საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდებიან. მათ ოთხი გასახურებელი ტესტ-მატჩიდან სამში იმარჯვეს და ერთში დამარცხდნენ. ედი ჯონსის შეგირდებმა უელსს შინ 33:19 მოუგეს, საგარეო რკენა კი 6:13 დათმეს, შემდეგ კი "თვიქნემზე" ირლანდია (57:15) და იტალია (37:0) გაანადგურეს.

ინგლისი მოახლოებულ შეხვედრას გარკვეული დანაკლისის მიუხედავად, მაინც უძლიერესი შემადგენლობით ხვდება. ამ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს მარცხენა ბურჯი მაკო ვუნიპოლაა, რომელიც ტონგური წარმოშობისაა. ძირითად შემადგენლობაშია მისი ძმა ბილი, რომელიც მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ ითამაშებს. მცირე დაზიანებები ჰქონდათ და ექიმების გადაწყვეტილებით, დაისვენებენ: მესამეხაზელი მარკ უილსონი და ფიჯური წარმოშობის ფრთა ჯო კოკანასიგა. 

"წითელ ვარდების" სასტარტო თხუთმეტეულში კიდევ ერთი კუნძულელი გაირჯება - მანუ ტუილაგი, რომელიც სამოაშია დაბადებული და მისი ძმები სწორედ "მანუ სამოას" კვართით ასპარეზობდნენ. მგეზავის პოზიციაზე გაირჯება ჯორჯ ფორდი, ხოლო ოუენ ფარელი, რომელიც ნაკრების კაპიტანია, ცენტრში ტუილაგის შეუწყვილდება. მოკლედ, ბრიტანელთა შემადგენლობა უძლიერესია, ხოლო ერთადერთი მიზანი, რაღა თქმა უნდა, შეხვედრის ბონუსით მოგება იქნება. 

ინგლისი

უკანა ხაზი

15. ელიოტ დეილი, 14. ენტონი უოტსონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. ოუენ ფარელი(კაპ), 11. ჯონი მეი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგსი;

შერკინება

1. ჯო მარლერი, 2. ჯეიმი ჯორჯი, 3. კაილ სინკლერი, 4. ქორთნი ლოუსი, 5. მარო იტოჯე, 6. ტომ ქარი, 7. სემ ანდერჰილი, 8. ბილი ვუნიპოლა;

მარქაფა

16. ლუკ ქოვან-დიქი, 17. ელის გენჯი, 18. დენ კოული, 19. ჯორჯ კრუისი, 20. ლუის ლადლამი, 21. ვილი ჰეინცი, 22. ჰენრი სლეიდი, 23. ჯონათან ჯოზეფი;

 ტონგა

"იკალე ტაჰიმ" ნაყოფიერი შეკრება გაიარა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული. გამოჩნდა, რომ კუნძულელები მთლად კარგ ფორმაში არ იმყოფებიან. მათ ექვსი გასახურებელი ტესტ-მატჩიდან მოუგეს კანადას (33:23) და ავსტრალიურ "ვესტერნ ფორსს" (19:15), ბრძოლაში დამარცხდნენ ფიჯისთან (19:29) და სამოასთან (17:25), ხოლო იაპონიასთან (7:41) და ახალ ზელანდიასთან განადგურდნენ (7:92).

ტონგელთათვის ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი არარეალურად მოჩანს და ამას, ალბათ თავადაც კარგად ხვდებიან. გუნდის უმთავრესი მიზანია, რომ აშშ-ის ნაკრები დაამარცხოს, რომელიც საკმაოდ კარგი გუნდია და ამის გაკეთება იოლი არ იქნება, ხოლო თუ რომელიმე პირველი დონის გუნდს პრობლემებს შეუქმნიან და დადებით შედეგს მიაღწევენ, ეს მათთვის ბონუსი იქნება. "ზღვის არწივებს" ალბათ ყველაზე მეტად ინგლისთან უნდა გაუჭირდეს, რადგან ტრადიციულად წყნარი ოკეანის ბინადრებს "წითელი ვარდების" წინააღმდეგ ძალიან უჭირთ. 

კუნძულელებს საკმაოდ მძიმე შერკინება ჰყავთ, რომელთაგან გამოსარჩევი რაღა თქმა უნდა მარჯვენა ბურჯი ბენ ტამეიფუნაა, რომელიც 153 კილოგრამს იწონის. ტონგელთა შემადგენლობა ოპტიმალურია, მგეზავად გამოცდილი კურტ მორაცი ითამაშებს, ხოლო ცხრა ნომრად სონატანე ტაკულუა გაირჯება. გუნდს შუამარბი სიალე პიეტაუ უკაპიტნებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტონგელთა მარქაფაში იმყოფება მესამეხაზელი ნასი მანუ, რომელმაც ცოტა ხნის წინ სიმსივნე დაამარცხა.

ტონგა

უკანა ხაზი

15. დევიდ ჰალაიფონუა, 14. ატიელი პაკალანი, 13. სიალე პიეტაუ(კაპ), 12. კუპერ ვუნა, 11. ვილიამი ლოლოჰეა, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა;

შერკინება

1. ზიგფრიდ ფისიჰოი, 2. სოსეფო საკალია, 3. ბენ ტამეიფუნა, 4. სემ ლუსი, 5. სალალევა ფიფიტა, 6. სიონე კალამაფონი, 7. ზეინ კაპელი, 8. მამა ვაიპულუ;

მარქაფა

16. სიუა მეილი, 17. ლატუ ტალაკაი, 18. მა'აფუ ფია, 19. დენ ფალეაფა, 20. ნასი მანუ, 21. ლეონ ფუკოფუკა, 22. ჯეიმს ფიავა, 23. ნაფი ტუ'იტავაკე.

ურთიერთშეხვედრები

ინგლისის და ტონგის გზები ერთმანეთთან სულ ორჯერ გადაიკვეთა და ორივეჯერ ევროპელებმა დიდი იმარჯვეს. პირველ ჯერზე, 1999 წელს "წითელმა ვარდებმა" მეტოქე 101:10 გაანადგურეს, ხოლო 2007 წელს ბევრად მოკრძალებული სხვაობით 36:20 სძლიეს. ამ ორ მატჩში, ინგლისმა ჯამში 137 ქულა გაიტანა, ხოლო 30 მიიღო.

ინგლისის ნაკრებს წყნარი ოკეანის ბინადრებთან (ფიჯი, სამოა, ტონგა) თამაში არ უჭირთ და მათ წინააღმდეგ არასდრო წაუგიათ. "წითელ ვარდებს" ფიჯის წინააღმდეგ შვიდჯერ, ხოლო სამოის წინააღმდეგ რვაჯერ უთამაშიათ და ყველა შემთხვევაში გამარჯვებულნი ბრიტანელები გამოვიდნენ.

მსაჯები

შეხვედრის მთავარი მსაჯი ახალზელანდიელი პოლ უილიამსი იქნება, რომელსაც კიდეებიდან ფრანგი მატიო რეინალი და იაპონელი სუჰეი კუბო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ახალზელანდიელი ბენ სქინია.

სად ვუყუროთ?

ზემოხსენებული დაპირისპირება თბილისის დროით 14:15 საათზე გაიმართება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ. 

 

 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ